მოვითხოვთ, ქარელში ჩვენზე მომხდარ თავდასხმას პოლიტიკური ნიშნით ძალადობის კვალიფიკაცია მიეცეს - კუპრაძე
"ძლიერი საქართველოს" ლიდერებზე ქარელში მომხდარ თავდასხმას, კოალიციაში საგანგებო ბრიფინგით უპასუხეს. ირაკლი კუპრაძის განცხადებით, "ქართული ოცნების" ლიდერები საკუთარ ოჯახის წევრებს ქუჩაში ოპოზიციის წევრებზე თავდასხმებისთვის იყენებენ, რაც დაუსჯელი არ დარჩება. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ხელისუფლება ცდილობს, ქვეყანაში წინასაარჩევნიო კამპანია რუსულ ჭაობს დაამსგავსოს, რადგან "ოცნება" სწორედ კრემლის ინტერესებს ემსახურება.
ირაკლი კუპრაძემ კოალიციის სახელით მოითხოვა, აღნიშნულ ფაქტს პოლიტიკური ნიშნით ძალადობის კვალიფიკაცია მიეცეს.
გუშინ „ქართული ოცნების“ ზონდეტრები თავს დაესხნენ „ძლიერი საქართველოს“ კოალიციის ლიდერებს ქარელში როცა ტარდებოდა საარჩევნო კამპანია. თავდასხმაში მონაწილეობდა ვლადიმერ სულაქველიძის, ქარელის მერის მოადგილის ოჯახის წევრები და „ქართული ოცნების“ ზონდერი ვინმე ვახო მღებრიშვილი. ადამიანები იყენებენ „ქართული ოცნებიდან“ საკუთარ ოჯახის წევრებს ქუჩაში ძალადობრივი აქტების მოსაწყობად. ეს არის „ქართული ოცნების“ სახე. „ქართული ოცნება“ ცდილობს და ივანიშვილი ცდილობს, ეს ქვეყანა და წინასაარჩევნო კამპანია დაამსგავსოს რუსეთს, რუსულ ჭაობს, რუსული დაპირისპირების სტილის მქონე სახელმწიფოს, რასაც საქართველოს მოქალაქეები და ჩვენ არ დავუშვებთ.
გამოძიება უკვე დაწყებულია სსკ-ს 126 მუხლით, რომელიც ითვალისწინებს ძალადობას. ჩვენი მოთხოვნაა, რომელიც უპირობოდ უნდა დაკმაყოფილდეს, რომ მიეცეს კვალიფიკაცია პოლიტიკური ნიშნით ძალადობისა ამ ფაქტს.„ქართული ოცნება“ ემსახურება კრემლის და რუსეთის ინტერესებს, ჩვენ ვემსახურებთ საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს. მაშინ, როცა კოალიცია „ძლიერი საქართველოს 9 ნომრით დავდივართ ქალაქ-ქალაქ და ვსაუბრობთ ათა ლარიან პენსიაზე, ვსაუბრობთ 200 ათასი სამუშაო ადგილის შექმნაზე, ვსაუბრობთ მეგა პროექტების განხორციელებაზე, უცხო ინვესტიციების მოზიდვაზე, საქართველოს დაახლოებაზე ევროკავშირთან, მაშინ „ქართული ოცნება“ საუბრობს ტერორზე, აკრძალვაზე, აწყობს სხვადასხვა ქალაქში ძალადობრივ აქტებს და თავდასხმებს პროდასავლურ ოპოზიციაზე, ამ შემთხვევაში, კოალიცია „ძლიერ საქართველოზე“. ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ვუპასუხებთ ნებისმიერ მსგავს ძალადობრივ ფაქტს,რ ომელიც არ დარჩება რეაგირების გარეშე და თითოეული დამნაშავე, იქნება ეს ვლადიმერ სულაქველიძე, ვახო მღებრიშვილი თუ სხვები, ყველა იქნება პასუხისგებაში მიცემული. ამიტომ, მოგიწოდებთ, მათ შორის „ქართული ოცნების“ ტიტუშკებს, უარი თქვით ძალადობრივი დავალებების შესრულებაზე, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
გუშინ ქარელში "ძლიერი საქართველოს" წინასაარჩევნოო შეხვედრა მერიის მაღალჩინოსნის მეუღლემ ჩაშალა. თავდამსხმელი ქალი მარტო არ ყოფილა, ოპოზიციას ქალის თანმხლებმა კაცმა ჯერ აგინა, შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდა.