ე.წ. აგენტების რეესტრში დარეგისტრირებული NGO-ებისთვის საქართველოს მთავრობა საგრანტო ფონდს ქმნის

09.09.24 12:41
ე.წ. აგენტების რეესტრში დარეგისტრირებული NGO-ებისთვის საქართველოს მთავრობა საგრანტო ფონდს ქმნის

საქართველოს მთავრობა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომელიც ე.წ. აგენტების რეესტრში დარეგისტრირდნენ, სახელმწიფო გრანტს გამოყოფს. 

ირაკლი კობახიძის თქმით, ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და არასამთავრობოებისთვის გამოყოფილი იქნება ორჯერ მეტი დაფინანსება, ვიდრე მათ დონორი ორგანიზაციები სთავაზობენ.

მთავრობის მეთაურის მტკიცებით, ზოგიერთი დონორი არასამთავრობო ორგანიზაცებს დაემუქრა და დააშანტაჟა, რათა არ დარეგისტრირებულიყვნენ რეესტრში. 

ირაკლი კობახიძე არ აკონკრეტებს კონკრეტულ თანხას, რომელიც გრანტების გაცემისთვის გამოიყოფა, თუმცა აღნიშნა, რომ საუბარია რამდენიმე მილიონ ლარზე.

მისი თქმით, უახლოესი ორი თვე შესაბამისი პროცედურების მოგვარებას დასჭირდება: 

მრავალ არასამთავრობო ორგანიზაციას კონკრეტული უცხოური დონორები დაემუქრნენ დაფინანსების შეწყვეტით იმ შემთხვევაში, თუ ისინი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციას გაივლიდნენ. ამ ფონზე და ზოგადად, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დავაფუძნოთ საგრანტო პროგრამა, რომელიც სრულად ქართველი გადასახადის გადამხდელის ფულით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. საგრანტო ფონდის გამართული მუშაობისთვის აუცილებელი ინსტიტუციური და ფინანსური საფუძვლები უახლოესი ორი თვის გამავლობაში მომზადდება, ხოლო პირველი საგრანტო პროექტები 2025 წლის იანვრიდან დაფინანსდება.

საგრანტო პროექტები დაფინანსდება ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად. ამ ამოცანებს შორისაა - დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, კორუფციასთან ბრძოლა, ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაპირისპირება, შშმ პირებზე ზრუნვა, გარემოს დაცვა, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებისა და ინტერესების დაცვა და ა.შ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც კეთილ საქმეს აკეთებენ და ქართველი ხალხის ინტერესებს ემსახურებიან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი ორად მეტ დაფინანსებას მიიღებენ, ვიდრე დღემდე უცხოელი დონორებისგან იღებდნენ. საგრანტო პროგრამის ფარგლებში გაცემული და დახარჯული თითოეული თეთრი იქნება გამჭვირვალე საზოგადოებისთვის. საზოგადოებას მუდმივ რეჟიმში ექნება იმის გადამოწმების საშუალება, თუ რამდენად შეესატყვისება შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. წინასწარ მოვუწოდებთ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც სურს იქცეს ქართველი ხალხის გავლენის აგენტად და გაატაროს საქართველოს ეროვნული ინტერესები, აქტიურად ჩაერთოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, რომელი ქვეყნის პრაქტიკაზე დაყრდნობით ამტკიცებენ, რომ მთავრობის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია გააკონტროლებს იმ მთავრობას, რომლისგანაც დაფინანსებას იღებს, კობახიძე ამტკიცებს, რომ "ეს ნორმალური პრაქტიკაა".

კობახიძის მტკიცებით,  საგრანტო ფონდის შექნა და მათი დაფინანსება სწორედ იმას ემსახურება, რომ სახელმწიფო, სამთავრობო “სტრუქტურებში კორუფციის იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრაში დაეხმაროს"

ეს არის ჩემი ინტერესი, მე პირადად, როგორც მთავრობის მეთაური, იმისთვის დავაფინანსებ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ დამეხმარონ სამთავრობო, სახელისუფლებო სტრუქტურებში კორუფციის იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრაში. მოიტანონ კონკრეტული ფაქტები.

რაც შეეხება იმას თუ რამდენად შეიძლება ეწოდოს არასამთავრობო ორგანიზაცია მთავრობის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციას - თუ უცხოური მთავრობის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციას შეიძლება ეწოდოს არასამთავრობო ორგანიზაცია, რატომ არ შეიძლება საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციას ეწოდოს არასამთავრობო ორგანიზაცია?

მე შემიძლია გითხრათ მთავრობის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, მაგალითად NED-ი არის ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც კონკრეტულ აქტივობებს აფინანსებს, ეს არის ნორმალური პრაქტიკა.

საორიენტაციო ბიუჯეტი გვაქვს - დღეს არ დავაკონკრეტებ, იმიტომ, რომ დაგვჭირდება ცალკეულ სამინისტროებთან კონსულტაციებიც, მაგრამ საუბარია, რეალურად, მრავალ მილიონიან დაფინანსებაზე, რაც იქნება გათვალისწინებული კონკრეტულად არასამთავრობო ორგანიზაციების საგრანტო ფონდისთვის. 10 მილიარდით გაგვეზარდა ბიუჯეტი მარტო ამ 4 წელიწადში, შესაბამისად რესურსი არის საკმარისზე მეტი“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, პრემიერმინისტრმა  მადლობა გადაუხადა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც რუსული კანონის ფარგლებში "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად" დარეგისტრირდნენ.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რეგისტრაციისთვის იუსტიციის სამინისტროს 450-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიმართა.