პრემიერი დასავლელ პარტნიორებს ქართულ არჩევნებში ჩარევის მცდელობაში ადანაშაულებს

09.09.24 13:21
პრემიერი დასავლელ პარტნიორებს ქართულ არჩევნებში ჩარევის მცდელობაში ადანაშაულებს

პრემიერ-მინისტრმა დღეს დასავლელი პარტნიორები, ფაქტობრივად, ოპოზიციის სასარგებლოდ ქართულ არჩევნებში ჩარევის მცდელობაში დაადანაშაულა. საქმე ეხება საქართველოს შესახებ სენატში ჩანიშნულ განხილვას და ასევე MEGOBARI აქტის დამტკიცებას.  ირაკლი კობახიძის მტკიცებით, სწორედ არჩევნებში ჩარევის მცდელობას ცხადყოფს, დასავლელი პარტნიორების კრიტიკული განცხადებებიც. 

ამასთან, პრემიერი ისევ ამტკიცებს, რომ "ოცნების" ამოცანა ეროვნული ინტერესების დაცვაა. კობახიძე ირწმუნება, რომ ქვეყნის ეკონომიკა ბოლო 4 წელიწადში 40 მლრდ-ით გაიზარდა და ამას საქართველოს მოსახლეობა ნელ-ნელა საკუთარ ჯიბეზეც გრძნობს. 

თქვენ კარგად მოაგეხსენებათ, რომ ეს არის აბსოლუტურად უსამართლო და უსაფუძვლო განცხადებები და შეიძლება მიზანია, რომ საარჩევნო შედეგებზე მოახდინოს ამ ყველაფერმა გავლენა, თუმცა ყველას ვპირდები, რომ ვერცერთი ასეთი განცხადება არჩევნების შედეგებზე ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს.

ჩვენ არ დავდევთ არცერთ განცხადებას, არც ამერიკულს, არც რუსულს, არც ევროპულს, ჩვენ დავდევთ, რა არის საქართველოს ეროვნული ინტერესები. მე მინდა, შეგახსენოთ, შედეგები რა არის. ამ 4 წლის მანძილზე 40 მლრდ ლარით გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა. ეს არის ეკონომიკური მხარე. ეკონომიკა ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობაც თანდათაობით უმჯობესდება. ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესები და თქვენ დასდევთ ხან რუსულ განცხადებებს, ხან ამერიკულ განცახდებებს, ხან ევროპულ განცხადებებს, - თქვა კობახიძემ. 

ამერიკის სენატში საქართველოს საკითხზე მოსმენა ჩაინიშნა. საგარეო კომიტეტი საქართველოში არსებულ კრიზისზე ხუთშაბათს დილის 09:30 საათზე იმსჯელებს. სხდომას საქართველოდან სამოქალაქო სექტორი დაესწრება. 

ამის პარალელურად, ჰელსინკის კომისიამ დაანონსა, რომ საქართველოს "მეგობარ აქტს" უახლოეს მომავალში მიიღებენ. ეს კი "ქართული ოცნებისთვის" დამატებითი სანქციების დაწესებას და ახალ შეზღუდვებს ნიშნავს.

მსგავსი სიახლეები