სახელმწიფოს განზრახული აქვს, სრულად დაკეტოს სივრცე სამოქალაქო საზოგადოებისთვის - ქურდოვანიძე “ოცნების“ ინიციატივაზე

09.09.24 13:31
სახელმწიფოს განზრახული აქვს, სრულად დაკეტოს სივრცე სამოქალაქო საზოგადოებისთვის - ქურდოვანიძე “ოცნების“ ინიციატივაზე

საიას აღმასრულებელი დირექტორი, ნონა ქურდოვანიძე მიიჩნევს, რომ NGO-ებისთვის სახელმწიფო გრანტის გამოყოფის ინიციატივით, ხელისუფლება ცდილობს გაკონტროლოს ეს სფერო.

ქურდოვანიძის მტკიცებით, როდესაც ორგანიზაცია დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს, მისი ობიექტური კრიტიკოსი ვერ იქნება.

ამ ტიპის ინიციატივები ამყარებს იმას, რომ რუსული კანონის მოქმედების პირობებში, ხელისუფლება ცდილობს გაკონტროლოს ეს სფერო და შემდეგ უკვე მის მიერ შერჩეულმა ორგანიზაცებმა განაგრძონ საქმიანობა კონკრეტული მიმართულებებით. როდესაც სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობ, როგორიცაა, სახელმწიფო ორგანოების კონტროლი, არჩევნების დაკვირვება, ანტიკორუფციული მექნიზმების გაძლიერება, როდესაც კორუფციულ ფაქტებს ამხელ, სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებულს, ასეთ დროს წარმოუდგენელია, დაფინანსებას იღებდე ბიუჯეტიდან და თან იყო მისი ობიექტური კრიტიკოსი.

ამიტომ ეს საერთოდ არ არის შესაძლებლობა, ეს აჩვენებს იმას, რომ სახელმწიფოს აქვს განზრახული, სრულად დაკეტოს სივრცე სამოქალაქო საზოგადოებისთვის“, - ამბობს ქუროვანიძე.

საქართველოს მთავრობა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომელიც ე.წ. აგენტების რეესტრში დარეგისტრირდნენ, სახელმწიფო გრანტს გამოყოფს. 

ირაკლი კობახიძის თქმით, ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და არასამთავრობოებისთვის გამოყოფილი იქნება ორჯერ მეტი დაფინანსება, ვიდრე მათ დონორი ორგანიზაციები სთავაზობენ.