კობახიძის მტკიცებით, უკრაინის დროებითი რწმუნებულის გაწვევა სარეცხი მანქანების შეძენის საკითხს უკავშირდება
საქართველოს პრემიერი ამტკიცებს, რომ უკრაინის დროებითი რწმუნებულის გაწვევა სარეცხი მანქანების შეძენის საკითხს უკავშირდება.
მისი თქმით, ამ ფაქტისგან განსხვავებით, 2021 წელს საქართველოდან ელჩის გაწვევა ნამდვილად პოლიტიკური აქტი იყო.
რეალურად ეს არ არის, ჩემი ინფორმაციით, იმ ტიპის გადაწყვეტილება, რაც თავის დროზე, 2022 წელს იყო მიღებული, ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით. მაშინ გახსოვთ, ეს იყო სუფთად პოლიტიკური გადაწყვეტილება, მაშინ უკრაინის ხელისუფლებამ იმის გამო, რომ ჩვენ არ შევუერთდით სანქციებს და არ გავგზავნეთ მთავრობის ოფიციალური თანხმობით მებრძოლი მოხალისეები უკრაინაში, გაიწვია საქართველოდან ელჩი, ეს იყო პოლიტიკური აქტი.
ამ შემთხვევაში, ჩვენი ინფორმაციით, ეს არ არის პოლიტიკური აქტი. კონკრეტულმა წარმომადგენელმა, თუ არ ვცდები დიპლომატიური სტატუსია აქვს მასაც, შეიძინა საყოფაცხოვრებო ნივთები და ეს ჩაითვალა არაადეკვატურად მიმდინარე ომის ფონზე და ეს გახდა გაწვევის მიზეზი. ეს არის ის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს. ანუ განსხვავებით ელჩის გაწვევისგან, ეს არ არის პოლიტიკური აქტი, უკავშირდება კონკრეტული საელჩოს წარმომადგენლის მიერ ისეთი საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენას, რომელიც მას უკრაინის ხელისუფლების მოსაზრებით არ უნდა შეეძინა ომის პირობებში, სარეცხ მანქანებზეა საუბარი", - ამბობს კობახიძე.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელმა, ანდრეი სიბიგამ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, მიხაილო ხარიშინის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ სიბიგამ უკრაინის ელჩებთან და გენერალურ კონსულებთან შეხვედრის შემდეგ „ფეისბუქზე“ დაწერა.
სიბიგას თქმით, ყველა ელჩი დღეს მოთამაშე მწვრთნელი უნდა იყოს, რომელიც ცენტრის მითითებებს არ ელოდება და პროაქტიულად მოქმედებს. სიბიგა მიიჩნევს, რომ ომში მყოფი ქვეყნის ელჩები ომის რეალობას მოწყვეტილები არ უნდა იყვნენ.