საკონსტიტუციოს ყოფილი მოსამართლე განმარტავს, რატომ უნდა იჩქაროს სასამართლომ რუსული კანონის შეჩერებაზე გადაწყვეტილების მიღება

09.09.24 15:59
საკონსტიტუციოს ყოფილი მოსამართლე განმარტავს, რატომ უნდა იჩქაროს სასამართლომ რუსული კანონის შეჩერებაზე გადაწყვეტილების მიღება

"თავად შეჩერების ინსტიტუტის ლოგიკა ეუბნება სასამართლოს, რომ უნდა იჩქარო" - საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ქეთევან ერემაძე  განმარტავს, რატომ უნდა იჩქაროს სასამართლომ რუსული კანონის შეჩერებაზე გადაწყვეტილების მიღება. 

ერემაძის თქმით, რუსულმა კანონიმა შედეგი უკვე გამოიღო და  არასამთავრობოებს იარლიყი უკვე მიაკერა. 

თავად შეჩერების ინსტიტუტის ლოგიკა ეუბნება სასამართლოს, რომ უნდა იჩქარო, იმიტომ რომ შეჩერებას მოსარჩელე მხარე აყენებს იმ შემთხვევაში, თუკი ის დგას გამოუსწორებელი შედეგის ანუ უფლებების შეუქცევადი დარღვევის პირისპირ, რაც თავისთავად არის გზავნილი სასამართლოსთვის, რომ მან მჭიდრო ვადებში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

მაგალითად, სიცოცხლის უფლებასთან დაკავშირებით ჩვენ ორ დღეში ჩავნიშნეთ განმტკიცირებელი სხდომა და ორ საათში გამოვაცხადეთ შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილება და ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინეთ, ნამდვილად.  იყო შემთხვევა მაგალითად ეროვნული ბანკის საქმეზე, პარასკევს დამთავრდა განამტკიცებელი სხდომა და ორ დღეში ანუ ორშაბათს გამოვაცხადეთ და იქაც კრიტიკული მნიშვნელობის იყო სადავო ნორმების შეჩერება. გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, ასევე ორ სამ საათში მივიღეთ.

მთავარი გზავნილი აქ რა არის, ეს კანონი არის იმის შესახებ ვინ არის ამ ქვეყნის მტერი და ვინ არიან მტრის აგენტები ამ ქვეყანაში. აი, ამ მტრის აგენტების იარლიყით ეს არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე მონიშნულები არიან. ეს იწვევს მათდამი უნდობლობას, იწვევს მასტიგმატიზაციას, იწვევს მათდამი რთულ გარემოს და ისინი ამ გარემოში უკვე მუშაობენ, - განაცხადა ერემაძემ.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის შეჩერების შესახებ პრეზიდენტის, ოპოზიციის და მესამე სექტორის სარჩელები განიხილა, თუმცა პროცესების დასრულებიდან 8 დღის თავზეც ვერდიქტი არ გამოუცხადებია.