თუკი ხელისუფლება შეუქცევად ნაბიჯებს გადადგამს, აშშ-დან მკაცრი ზომები აუცილებლად იქნება - თინა ხიდაშელი

09.09.24 17:27
 თუკი ხელისუფლება შეუქცევად ნაბიჯებს გადადგამს, აშშ-დან მკაცრი ზომები აუცილებლად იქნება - თინა ხიდაშელი

ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მწუხარებას გამოთქვას იმ ფაქტის გამო, რომ ხუთშაბათს სენატში საქართველოს საკითხს იმ ქვეყნებთან ერთად განიხილავენ, სადაც დემოკრატიის ხარისხი ტრადიციულად ძალიან დაბალია. თინა ხიდაშელი პირდაპირ ამბობს, რომ ქვეყანა ანტიდემოკრატიულ გზას ადგას და გეგმავს, არჩევნების გაყალბების შემდეგ ქვეყანაში დიქტატურა დაამყაროს. 

ძალიან სამწუხაროა, რომ ხუთშაბათს მოსმენაზე საქართველოც იქნება წარმოდგენილი იმ ქვეყნებთან ერთად, სადაც დემოკრატიის ხარისხი ტრადიციულად ძალიან მძიმე და ცუდი იყო ხოლმე, რუსეთი, ბელორუსი, ყირგიზეთი და ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოც შეუერთდა ამ კოჰორტას. მეგობარი ქვეყანა იმით განსხვავდება მტრისგან, რომელიც აგერ, 40 კმ-ში დგას ჯარით, რომ ის არ დგება შენს სუვერენულ ტერიტორიაზე ჯარით და ის არ იწყებს შენს სადასმჯელო ოპერაციას მანამ, სანამ არის კიდევ რესურსი დიალოგის. ჩემი გადასახედიდან, აი, ამ ფანჯრიდან, თბილისში, სადაც ამ ქვეყანას ვაკვირდები, ასეთი რესურსი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აქვს და ის აბსოლუტურად არადემოკრატიული მოქმედებების გზაზე დგას და გეგმავს, არჩევნების გაყალბებით მოგების შემთხვევაში, აქ დიქტატურის დამყარებას, - ამბობს ხიდაშელი. 

ყოფილი მაღალჩინოსანი დარწმუნებულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება ანტიდემოკრატიის გზაზე შეუქცევად ნაბიჯებს გადადგამს, აშშ-დან საპასუხო მკაცრი სანქციები აუცილებლად იქნება. ხიდაშელის თქმით, ისეთი ტიპის განხილვებს, როგორიც სენატში საქართველოსთან მიმართებით ჩაინიშნა, ნებისმიერი სხვა ქვეყანა გადამწყვეტ გაფრთხილებად აღიქვამდა, თუმცა "ქართული ოცნება" ამას არ აკეთებს. 

მკაცრი ზომები აუცილებლად იქნება, თუკი საქართველოს ხელისუფლება გადადგამს ისეთი ტიპის ნაბიჯს, რომელიც, ჩაითვლება, რომ შეუქცევადია. ეს შეიძლება იყოს არჩევნების უხეშად გაყალბება დადასტურებული როგორც ქართული, ისე საერთაშორისო მისიების მხრიდან, მაგრამ მანამდე, ეს შეიძლება იყოს არასამთავრობო ორგანიზაციების დახურვის მცდელობის დაწყება. ასეთი მოქმედებების განხორციელების შემთხვევაში „ქართული ოცნების“ მხრიდან, ვფიქრობ, რომ სანქციების შემდეგი ეტაპი აუცილებლად დადგება. ნებისმიერი სახელმწიფო დედამიწის ზურგზე მსგავსი ტიპის საჯარო განხილვებს, იქნება ეს სენატში, იქნება წარმომადგენელთა პალატაში, ევროპარლამენტში თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაციონალურ პარლამენტებში, განიხილავს არა როგორც უბრალოდ ბოლო გაფრთხილებას, არამედ როგორც გადამწყვეტ, საეტაპო მნიშვნელობის მოქმედებას იმისთვის, რომ გაჩერდეს, დაფიქრდეს და დაუბრუნდეს დემოკრატიული არჩევანის გზას. „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში, მე პირადად, ეს მოლოდინი არ მაქვს, - ამბობს ხიდაშელი.  

ამერიკის სენატში საქართველოს საკითხზე მოსმენა ჩაინიშნა. საგარეო კომიტეტი საქართველოში არსებულ კრიზისზე ხუთშაბათს დილის 09:30 საათზე იმსჯელებს. სხდომას საქართველოდან სამოქალაქო სექტორი დაესწრება. 

ამის პარალელურად, ჰელსინკის კომისიამ დაანონსა, რომ საქართველოს "მეგობარ აქტს" უახლოეს მომავალში მიიღებენ. ეს კი "ქართული ოცნებისთვის" დამატებითი სანქციების დაწესებას და ახალ შეზღუდვებს ნიშნავს.