"ოცნება" ე.წ. აგენტების რეესტრში დარეგისტრირებულ ორგანიზაციებს 200 მილიონამდე ლარს გამოუყოფს

09.09.24 17:31
"ოცნება" ე.წ. აგენტების რეესტრში დარეგისტრირებულ ორგანიზაციებს 200 მილიონამდე ლარს გამოუყოფს

"ოცნება" ე.წ. აგენტების რეესტრში დარეგისტრირებულ ორგანიზაციებს პირველ ეტაპზე 200 მილიონამდე ლარს გამოუყოფს - დეტალები დღეს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გაამხილა.

მეტიც,  გია ვოლსკი თანხის კიდევ უფრო გაზრდას აანონსებს. 

დეპუტატი ამტკიცებს, რომ მმართველი ძალა "კრიტიკულ არასამთავრობოებს დაიქირავებს". 

გადატანითი მნიშვნელობით რომ ვთქვათ, ქვეყანაში არ ბნელა. მედია არ არის დამორჩილებული. არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა სწორედაც კრიტიკული უნდა იყოს და შენ კრიტიკულს ქირაობ, რათა სწორი გზა მიგითითოს, დაგეხმაროს, სახელმწიფო სტრუქტურების ხარისხიანობაზე ხარისხიანად იმსჯელოს და არა – რევოლუცია მოაწყოს მაშინ, როდესაც ქვეყანას უჭირს და მსოფლიო გახვეულია ცეცხლის ალში. 

წინასწარი გათვლებით, 200 მილიონამდე არის აუცილებელი პირველ ეტაპზე და შემდეგ უნდა გაიზარდოს სახსრები, ვინაიდან საზოგადოებას მართლაც სჭირდება კრიტიკული ადამიანებისგან დაკომპლექტებული ისეთი ინსტიტუტები, რომლებიც სწორედაც ზედამხედველის როლს შეასრულებენ და არ იქნებიან პირდაპირ სახელმწიფო სტრუქტურის თანამშრომლები“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს მთავრობა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომელიც ე.წ. აგენტების რეესტრში დარეგისტრირდნენ, სახელმწიფო გრანტს გამოყოფს. 

ირაკლი კობახიძის თქმით, ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და არასამთავრობოებისთვის გამოყოფილი იქნება ორჯერ მეტი დაფინანსება, ვიდრე მათ დონორი ორგანიზაციები სთავაზობენ.