"სამსახურიდან გაგდებას დიდი ხანია მოველი, კარგი იქნებოდა, რომ ინფორმაცია მედიიდან არ გამეგო" - ლაშა ბაქრაძე

09.09.24 18:29
"სამსახურიდან გაგდებას დიდი ხანია მოველი, კარგი იქნებოდა, რომ ინფორმაცია მედიიდან არ გამეგო" - ლაშა ბაქრაძე

ლაშა ბაქრაძის პირველი კომენტარი ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის პოზიციიდან გათავისუფლების შემდეგ - ირკვევა, რომ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სამსახურიდან ისე გაუშვეს, რომ არც კი შეატყობინეს. 

რაც შეეხება უკვე დამდგარ ფაქტს, როგორც ბაქრაძემ თქვა,  თეა წულუკიანის უწყების მიერ დაკავებული თანამდებობიდან გაშვების მოლოდინი წლებია რაც აქვს.

სამსახურიდან გაგდებას დიდი ხანია მოველი. შეიძლება ითქვას უკვე, რომ რამდენიმე წელიც არის, რადგან ყოველთვის აქტიურად ვიღებდი სხვადასხვა პროტესტში მონაწილეობას და მითუმეტეს, რაც პოლიტიკაში წამოვედი, მას შემდეგ ჩემთვის ცხადზე ცხადი იყო, რომ დიდი ხანი ჩემი ყოფნა ლიტერატურის მუზეუმის თანამდებობაზე არ გაგრძელდებოდა. ჩემთვის ლიტერატურის მუზეუმი არის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანი იყო ის წლები, რაც მანდ გავატარე. 14 წელია, რაც ლიტერატურის მუზეუმში ვმუშაობდი და ისედაც, მე არ ვარ მომხრე, რომ ადამიანები მთელი ცხოვრება ერთ ადგილას მუშაობენ, მიუხედავად ჩემი დიდი სიყვარულისა ამ სამსახურის მიმართ, სადაც მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ ბევრი მაქვს გაკეთებული და თუნდაც ცნობადობის ამაღლების თვალსაზრისით ამ მუზეუმისა. ვფიქრობ, რომ ჩემი მუშაობა საზოგადოებისთვისაც მნიშნელოვანი იყო. ცხადია, რომ გამათავისუფლებდნენ, ამიტომ ამაზე არ მინდოდა ყურადღება გავამახვილო. ამიტომ ერთს ვიტყოდი, რომ ძალიან კარგი და სასიხარულო იქნებოდა, რომ ეს ინფორმაცია არა მედიიდან, კულტურის სამინისტროს საიტიდან გამეგო, არამედ ვინმე შემხიანებოდა კულტურის სამინისტროსგან, მაგრამ ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს", - ამბობს ლაშა ბაქრაძე.

შეგახსენებთ, დღეს, 9 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ლაშა ბაქრაძე ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ოფიციალური ინფორმაცია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სოციალურ ქსელში გაავრცელა, მიზეზად კი დისციპლინური გადაცდომა დაასახელა.