რუსეთის ამოცანა ქვეყანაში მისი მოკავშირე ივანიშვილის ხელისუფლების შენარჩუნებაა - ოპოზიცია

10.09.24 11:33
რუსეთის ამოცანა ქვეყანაში მისი მოკავშირე ივანიშვილის ხელისუფლების შენარჩუნებაა - ოპოზიცია

საქართველოს შესახებ სენატში ჩანიშნული დებატის პარალელურად, ოპოზიცია მოახლოებულ არჩევნებში რუსულ საფრთხეებზე საუბრობს. ხელისუფლების ოპონენტები პირდაპირ ამბობენ, რომ რუსეთი 26 ოქტომბრის არჩევნებში ჩარევას შეეცდება, რადგან მათი მიზანია, ქვეყანაში ივანიშვილის ხელისუფლება დარჩეს, რომელიც მოსკოვის ინტერესების გამტარებელია.

დღეს საქართველოს ყველა სტრატეგიული მოკავშირისთვის არის ძალიან ნათელი, რომ რუსეთის ამოცანა ქვეყანაში არის მისი მოკავშირე ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების შენარჩუნება, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი წარმატებით ასრულებს ყველა რუსულ დავალებას. ისეთს, როგორიც არის, მაგალითად, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ჩაშლა, ნატოსთან ჩვენი ურთიერთობების, ფაქტობრივად, მოშლა, ამიტომ გვაფრთხილებენ დღეს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები, რომ ამ არჩევნებზე რუსეთი მაქსიმალურად შეეცდება, რომ ზეგავლენა მოახდინოს პროცესებზე, - ამბობს "ძლიერი საქართველოს" წევრი სალომე სამადაშვილი. 

"ერთიანობის" ლიდერი გიორგი ვაშაძე კი ამბობს, რომ ყველაზე დიდი რუსული ჩარევა სწორედ "ქართული ოცნებაა". მისი თქმით, მმართველმა პარტიამ უარი უთხრა დასავლეთს და ცივილიზაციას და იზოლაციისკენ გზა აირჩია. 

ამასთან, ოპოზიციონერი ლიდერი ჰელსინკის კომისიას ქართველი ხალხის მხარდაჭერის გამო მადლობას უხდის. 

ყველაზე დიდი რუსული ჩარევა არის თვითონ „ქართული ოცნება“, თვითონ ბიძინა ივანიშვილი, თვითონ მათი გზა იზოლაციისკენ, რომელიც აირჩიეს: უარი დასავლეთს, უარი ცივილიზაციას, უარი განვითარებას და გზა იზოლაციისკენ. მადლობა ჰელსინკის კომისიას, ყველას აბსოლუტურად, რომელიც ქართველი ხალხის გულწრფელს სურვილს, იყოს ცივილიზაციური სამყაროს ნაწილი, უჭერს მხარს. არჩევნების წინ „მეგობარი აქტის“ დანიშნულება არის, ნათლად და მკაფიოდ დაინახოს ქართულმა საზოგადოებამ, რომ ერთ მხარეს არის კეთილდღეობა ევროკავშირში და პარტნიორობა ამერიკასთან, მეორე მხარეს არის სიღატაკე და იზოლაცია, რომელიც მოაქვს „ქართულ ოცნებას“, - ამბობს ვაშაძე. 

რუსულ საფრთხეებზე საუბრობს აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ცუცქირიძეც. მისი თქმით, მოსკოვი საკუთარი ინტერესების გატარებას სწორედ "ქართული ოცნების" მეშვეობით ცდილობს. 

ბუნებრივია, ჩვენ ვცხოვრობთ რუსული ჰიბრიდული ომის პერიოდში, როდესაც დეზინფორმაციული ჩარევა, უსაფრთხოების სისტემებში ჩარევა, პროპაგანდაში ჩარევა ყოველდღიურად ხდება, მათ შორის და ყველაზე სამწუხარო რაც არის, „ქართული ოცნების“ პარტიის გავლით, რომლებიც წარმოადგენენ რუსულ ინტერესების გამტარს ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ, ჰელსინკის კომისია, რომელიც შედგება ძალიან მაღალი რანგის ამერიკელი პოლიტიკოსებისგან, ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია იმისთვის, რომ მოხდეს შესაბამისი რეაგირება აშშ-გან საქართველოში მიმდინარე ამბებზე, - ამბობს ლევან ცუცქირიძე.  

12 სექტემბერს სენატში საქართველოს შესახებ საგანგებო მოსმენა ჩაინიშნა. განხილვის მთავარი თემა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკა, რუსული კანონი და მოახლოებულ არჩვნებში რუსეთის როლი იქნება.

პარალელურად, საგანგებო განცხადებას ავრცელებს „ჰელსინკის კომისიაც", რომელიც "მეგობარი აქტის" ინიციატორია. პარტნიორები ამბობენ, რომ "ოცნების" პოლიტიკის გამო საქართველომ დემოკრატიული ეროზია განიცადა, ამიტომ ახლა მათი მხარდაჭერა ყველაზე მეტად ქართველ ხალხს სჭირდება და შტატები მოქმედებაზე გადადის.