ვაშინგტონი შეშფოთებულია, რომ კონფლიქტის პირას მყოფ სახელმწიფოებში, სადაც არჩევნები ჩატარდება, რუსული გავლენა დიდი იქნება - ხიდაშელი
"ვაშინგტონი შეშფოთებულია, რომ კონფლიქტის პირას მყოფ სახელმწიფოებში, სადაც არჩევნები ჩატარდება, რუსული გავლენა დიდი იქნება" - ასე აფასებს ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ამერიკის სენატში საქართველოს შესახებ ჩანიშნულ დებატებს. ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, აშშ-ს საქართველოს მიმართ ამხელა ყურადღება ჯერ არ ჰქონია, რაც "ოცნების" არადემოკრატიული მმართველობით არის გამოწვეული.
ამხელა ყურადღება საქართველოს აშშ-გან არც კი მახსოვს ბოლოს როდის ჰქონდა და რა თქმა უნდა, ეს გამოწვეულია იმით, რომ ჩვენი 30 წლიანი სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად მივიღეთ ქვეყანა, სადაც ხელისუფლება ოფიციალურად აცხადებს, რომ არჩევნებში მოგება იმიტომ უნდა, რომ დიქტატურა დაამყაროს.
სულ ახლახანს, რამდენიმე დღის უკან, „ვაშინგტონ პოსტმა“ გამოაქვეყნა ძალიან დიდი სტატია რუსეთის კვალზე ამერიკულ არჩევნებში და როდესაც ამას ბედავენ აშშ-ში, რაღა თქმა უნდა, ვაშინგტონი შეშფოთებულია, შეწუხებულია სამართლიანად და ფიქრობს იმაზე, რომ კონფლიქტის პირას მყოფ სახელმწიფოებში, ფრონტის ხაზზე მყოფ სახელმწიფოებში, სადაც არჩევნები ჩატარდება, კიდევ უფრო დიდი იქნება რუსული გავლენა. ამიტომ, თუ ასე დავინახავთ ამ ერთიან, დიდ სცენარში, რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო მარტივი ასახსნელი იქნება ის რიტორიკა, რომელიც ვაშინგტონიდან გვესმის, - ამბობს თინა ხიდაშელი.
12 სექტემბერს სენატში საქართველოს შესახებ საგანგებო მოსმენა ჩაინიშნა. განხილვის მთავარი თემა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკა, რუსული კანონი და მოახლოებულ არჩვნებში რუსეთის როლი იქნება.
პარალელურად, საგანგებო განცხადებას ავრცელებს „ჰელსინკის კომისიაც", რომელიც "მეგობარი აქტის" ინიციატორია. პარტნიორები ამბობენ, რომ "ოცნების" პოლიტიკის გამო საქართველომ დემოკრატიული ეროზია განიცადა, ამიტომ ახლა მათი მხარდაჭერა ყველაზე მეტად ქართველ ხალხს სჭირდება და შტატები მოქმედებაზე გადადის.