ბეჟაშვილი: პრემიერის განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე, ცინიკურია
"პრემიერის განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე ცინიკურია"- ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა, არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუჯეტიდან დაფინანსების თაობაზე განაცხადა.
ბეჟაშვილის თქმით, ამ 200 მილიონს "ოცნება" პროსამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, დაფინანსებისთვის, და ამომრჩევლის მოსყიდვისთვის გამოიყენებს.
"პრემიერმინისტრის განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე ცინიკურია, რადგან ცხადზე უცხადესია, რომ არასამთავრობოები ვერ შეინარჩუნებენ დამოუკიდებლობას, თუ ხელისუფლების ფინანსებზე იქნებიან დამოკიდებული. მათი მთავარი საქმიანობა სწორედ ობიექტურობას და დამოუკიდებლობას უკავშირდებოდა, ამიტომ იყო მნიშვნელოვანი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წვლილი არასამთავრობო სექტორის განვითარებაში. გასაგებია, რომ ეს 200 მილიონი გამოყენებული იქნება პროსამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, მათი დაფინანსებისთვის, ასევე ამომრჩევლის მოსყიდვისთვის. და, ბუნებრივია, ეს კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტორი იქნება, თუ რატომ არ შეიძლება ჩაითვალოს ხელისუფლების ეს ნაბიჯი არჩევნების ხელშემწყობ ღონისძიებად, პირიქით: ეს იქნება არჩევნების გაყალბებისთვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი", - განაცხადა "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა.
საქართველოს მთავრობა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომელიც ე.წ. აგენტების რეესტრში დარეგისტრირდნენ, სახელმწიფო გრანტს გამოყოფს.
ირაკლი კობახიძის თქმით, ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და არასამთავრობოებისთვის გამოყოფილი იქნება ორჯერ მეტი დაფინანსება, ვიდრე მათ დონორი ორგანიზაციები სთავაზობენ.