როგორ აპირებს ხელისუფლება მორჩილი არასამთავრობოებისთვის 200 მლნ ლარის მობილიზებას? - რას ამბობს ვიცე-პრემიერი
მთავრობა ადასტურებს, რომ ბიუჯეტიდან მათთვის მორჩილი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის 200 მილონამდე ლარის გამოყოფას აპირებს, თუმცა საიდან მოვა ეს ფული ვიცე-პრემიერს ჯერ პასუხი არ აქვს.
პრემიერი და ვიცე პრემიერი ენერგეტიკის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ, სადაც "პირველებმა" ლევან დავითაშვილს ჰკითხა, იმ დროს, როდესაც ბიუჯეტში სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად თანხა არ არის, როგორ აპირებენ 200 მლნ ლარი არასამთავრობო ორგანიზაციებითვის გრანტების გასაცემად მოაბილიზონ.
ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ თანხები ბიუჯეტიდან პრიორიტეტების მიხედვით ნაწილდება.
საჭიროებები ქვეყანას აქვს საკმაოდ ბევრი, ბევრია პრიორიტეტი და პრიორიტეტის მიხედვით ხდება ამ თანხების განაწილება. მათ შორის, რაზეც პრემიერ-მინისტრი საუბრობდა, ის, რომ არასამთავრობო სექტორი დაფინანსდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, იმიტომ, რომ ჩვენ ნათლად წარმოგვიდგენია, რომ გარდა იმ ყოველდღიური ამოცანებისა, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებს გააჩნიათ, მნიშვნელოვანი როლი შეიძლება შეასრულონ ამ ამოცანების და ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით არასამთავრობო სექტორმა, რასაც, რა თქმა უნდა, როგორც პრიორიტეტს სახელმწიფო ბიუჯეტი საჭიროებისამებრ უპასუხებს, - ამბობს დავითაშვილი.
კითხვაზე, არის თუ არა ეს წინასაარჩევნო მოსყიდვა იმ ფონზე, როდესაც სასკოლო კვების შემოღებაც კი ვერ ხდება, ვიცე-პრემიერი უარით პასუხობს და ამტკიცებს, რომ არასამთავრობო სექტორის პრეროგატივაც სწორედ სოციალურად დაუცველებზე ზრუნვაა.
არანაირად. არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის არეალი არის ძალიან ფართე. ეს არის საერთაშორისო პრაქტიკაც, გამოცდილებაც და ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი პრაქტიკაა თუ კონკურსის პირობებში გამჭვირვალედ ორგანიზაციები მოახერხებენ დაფინანსების მიღებას, - ამბობს დავითაშვილი.
აღსანიშნავია, საკითხზე საუბარი თავად პრემიერმა კობახიძემ არ ისურვა.