200 მლნ-მდე ლარი მორჩილი არასამთავრობოებისთვის - ოპოზიცია "ოცნებას" კორუფციასა და სიყალბეში ადანაშაულებს
200 მლნ-მდე ლარი მორჩილი არასამთავრობოებისთვის - ოპოზიცია კორუფციულ სქემაზე საუბრობს. ხელისუფლების ოპონენტები "ოცნების" ინიციატივას საზოგადოების მოტყუების მცდელობად აფასებენ. "ძლიერი საქართველოს" ლიდერი საბა ბუაძე პირდაპირ ამბობს, რომ რამდენი არასამთავრობო ორგანიზაციაც არ უნდა შექმნას ივანიშვილმა და რამდენი თანხაც არ უნდა გამოუყოს ბიუჯეტიდან მათ, ეს მას ხელისუფლების შენარჩუნებაში ვერ დაეხმარება.
რამდენი არასამთავრობო ორგანიზაციაც არ უნდა შექმნას ივანიშვილმა და რამდენი ფულიც არ უნდა მოიპარონ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ ორგანიზაციების დასაფინანსებლად, ეს რუსეთის სამსახურში მყოფ ხელისუფლებას ვერ უშველის და ვერ დაეხმარება ხელისუფლების შენარჩუნებაში. მთავარი პრინციპი სამოქალაქო ორგანიზაციის ნდობის არის სწორედ ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობა და თუ ივანიშვილს წარმოუდგენია, რომ ამ რუსული სპეცოპერაციის შესანიღბად ჩამოარიგებს ფულს ენჯეოებზე ისე, რომ ამ პრობლემას მოაგვარებს, რომელიც ამ რუსული კანონიდან გამომდინარე შეიქმნა, ეს არის უბრალოდ, თავის მოტყუება, საზოგადოების მოტყუების მცდელობა და კარგად ორგანიზებული კორუფციული სქემა, - ამბობს საბა ბუაძე.
ინიციატივას ყალბს უწოდებს "ერთიანობის" ლიდერი გიორგი ვაშაძეც, რომელიც ამბობს, რომ აღნიშნული საქართველოსთვის 14 მლრდ-ის დახმარების მიღებას ბლოკავს.
ეს ინიციატიბა ბლოკავს საქართველოსთვის 14 მლრდ-ის მიღებას, იმიტომ, რომ გამიზნულია ანტოკორუფციული მიმართულებით სამოქალაქო სექტორის მუშაობის გაჩერებაზე და თუ ასეთი მექანიზმები არ არსებობს, ჩვენ დაფინანსებას დასავლეთიდან და ევროპისგან ვერ მივიღებთ. ამიტომ, ეს ინიციატივა პირდაპირ უდრის დაბლოკვას 14 მლრდ-ის. ჩვენ ეს უნდა განვბლოკოთ 26 ოქტომბერს, რომ მსგავსი ყალბი კორუფციული ინიციატივები გავაჩეროთ ქვეყანაში, - ამბობს გიორგი ვაშაძე.
კორუფციაზე საუბრობს "საქართველოსთვის" წევრი ანა ბუჩუკურიც. ოპოზიციის წევრი პირდაპირ ამბობს, რომ "ოცნება" დღეს ტყუილზე და სიყალბეზე დგას.
ეს იქნება ჩვეულებრივი მორიგი კორუფციის წყარო და ამ სამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაციებით ფიქრობს „ოცნება“, რომ მომავალში გააგრძელებს საქმიანობას, ეს იქნება კორუფციის მიმართულებით, ეს იქნება ვითომ დაკვირვება არჩევნებზე და ა.შ. ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ, რომ „ოცნება“ დღეს სრულად ტყუილზე, სიყალბეზე და სისტემურ კორუფციაზე დგას, - ამბობს ანა ბუჩუკური.
შეგახსენებთ, რომ "ოცნება" ე.წ. აგენტების რეესტრში დარეგისტრირებულ ორგანიზაციებს პირველ ეტაპზე 200 მილიონამდე ლარს გამოუყოფს.