გაიხსნება თუ არა საქართველოსთვის მოლაპარაკების კარი? - EU-მ გადაწყვეტილება შესაძლოა, არჩევნებამდე გამოაცხადოს

10.09.24 16:02
გაიხსნება თუ არა საქართველოსთვის  მოლაპარაკების კარი? - EU-მ გადაწყვეტილება შესაძლოა, არჩევნებამდე გამოაცხადოს

გაიხსნება თუ არა საქართველოსთვის ევროკაშირში მოლაპარაკების კარი? ევროკავშირმა გადაწყვეტილება შესაძლოა, 26 ოქტომბრამდე გამოაცხადოს. "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ჟურნალისტი "პირველებთან" აცხადებს, რომ ბრიუსელში კონკრეტული თარიღი უკვე გაიწერა. ევროპელ მაღალჩინოსნებს გაფართოების შესახებ დოკუმენტის გასაჯაროება 16 ოქტომბერს აქვთ დაგეგმილი.

რიკარდ იოზვიაკი ამბობს, რომ დოკუმენტი საქართველოსთვის ნეგატიური იქნება და ამას ვეღარაფერი შეცვლის, რადგან რეფორმები, რომელიც გასატარებელი იყო, არ გატრდა და მეტიც, ხელისუფლებამ მიიღო კანონები, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებს წინააღმდეგება.

16 ოქტომბერი არის თარიღი, როცა ისინი ფიქრობენ გადაწყვეტილების გამოცხადებას, მაგრამ ამ პერიოდში ბრიუსელში სხვა მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაა დაგეგმილი. ამიტომ ვფიქრობ, რომ თარიღი შეიცვლება. თუმცა, რა თქმა უნდა, არის შანსი, რომ მაგალითად, საქართველოში დაგეგმილ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გვაცნობონ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ თქვენი ქვეყნის შესახებ. თუმცა, უნდა ითქვას, ისინი ასე არ სახავენ გეგმას და არ აკვირდებიან რომელ ქვეყანაში როდისაა არჩევნები. 

მათ უკვე, რა თქმა უნდა, დაწყებული აქვთ დოკუმენტზე მუშაობა და ბევრი რამ უვკე დაწერილია, ახლა დააკვირდებიან არჩევნების პროცესსაც და ხელისუფლების ნაბიჯებსაც, მაგრამ ჩვენ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ იქნება ეს  დოკუმენტი დადებითი საქართველოსთვის და ვერ წავა ქვეყანა წინ მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად. მე რასაც ვისმენ ბრიუსელში, განცდა ასეთი მაქვს, ევროკავშირმა თავისი გასაკეთებელი უკვე გააკეთა და ახლა ელოდება არჩევნები როგორ ჩატარდება საქართველოში. მაგრამ, ისინი არ არიან კონცენტრირებული არჩევნების თარიღზე. გამოცხადება შეიძლება იყოს 16 ოქტომბერს, შეიძლება 23 ოქტომბერს, მაგრამ შეიძლება იყოს ნოემბერშიც. როცა არ უნდა იყოს, გადაწყვეტილება თითქმის უკვე მიღებულია ბრიუსელში, რომ საქართველო არ მიდის ევროინტეგრაციის მიმართულებით, ის შეინარჩუნებს სტატუსს მაგრამ არ გაიხსნება მისთვის მოლაპარაკებების სივრცე. როცა არ უნდა იყოს, ეს გადაწყვეტილება სავარაუდოდ არ შეიცვლება, - ამბობს იოზვიაკი.