მწვავე კრიტიკა შეერთებული შტატებიდან - "ოცნება" პარტნიორებისგან განმარტებებს ითხოვს

10.09.24 17:55
მწვავე კრიტიკა შეერთებული შტატებიდან - "ოცნება" პარტნიორებისგან განმარტებებს ითხოვს

თავდასხმების ახალი სერია შეერთებულ შტატებზე - შალვა პაპუაშვილი ამერიკის კონგრესს გამარტებებს თხოვს, რატომ აფინანსებდა "იუ ეს ეიდი" არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელმაც, პარლამენტის თავმჯდომარის მტკიცებით, არჩევნებზე პარალელური დათვლის შედეგები მიზანმიმართულად გააყალბა.  

გამოიძიონ, რა როლი ჰქონდა შტატების ხელისუფლების წარმომადგენლებს 2020 წლის პარალელური დათვლის ცრუ შედეგების გავრცელებაში - ამბობს პაპუაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარეს იერიში ჰელსინკის კომისიაზეც მიაქვს და ამბობს, რომ საერთაშორისო პარტნიორები "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის ჩვენებებს არ უნდა ისმენდეს "საკუთარი ხახლის წინააღმდეგ".

დღე არ გადის, რომ რაღაცა განცხადებები არ კეთდებოდეს საქართველოსთან დაკავშირებით და უკვე კითხვებს ბადებს საერთოდ, რა არის ეს ინტერესი, რამდენად ჯანსაღია ეს ინტერესი წინასაარჩევნო პროცესის ფარგლებში. ხედავთ, რომ რატომღაც საქართველო იქცა მათი გამოძიების თუ ყურადღების ობიექტი, მაშინ როდესაც, არის საკითხები, რომელიც ტვირთად აწევს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობას. ეს ყველაფერი უპირველეს ყოვლისა ეხება, მათ შორის 2020 წლის არჩევნებზე პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებას. როცა ვსაუბრობთ ჰელსინკის კომისიაზე, ეკა გიგაურის ჩვენებებს კი არ უნდა ისმენდნენ საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ, არამედ, თუკი უნდათ რომ იყვნენ დამაჯერებლები, პირველ რიგში უნდა გამოიძიონ, რა როლი ჰქოდნათ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენლებს 2020 წლის პარალელური დათვლის ცრუ შედეგების გავრცელებაში", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

  • ცნობისთვის, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 12 სექტემბერს დაგეგმილ სხდომაზე მომხსენებლად მიიწვია.

შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს სენატში საქართველოს შესახებ საგანგებო მოსმენა ჩაინიშნა. განხილვის მთავარი თემა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკა, რუსული კანონი და მოახლოებულ არჩვნებში რუსეთის როლი იქნება.

პარალელურად, საგანგებო განცხადებას ავრცელებს „ჰელსინკის კომისიაც", რომელიც "მეგობარი აქტის" ინიციატორია. პარტნიორები ამბობენ, რომ "ოცნების" პოლიტიკის გამო საქართველომ დემოკრატიული ეროზია განიცადა, ამიტომ ახლა მათი მხარდაჭერა ყველაზე მეტად ქართველ ხალხს სჭირდება და შტატები მოქმედებაზე გადადის. 

მსგავსი სიახლეები