სპეცრაზმის მიერ ნაცემი ალეკო ელისაშვილი სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა
"ძლიერი საქართველოს" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, რომელიც პოლიციამ ტელეკამერების წინ სასტიკად ცემა, საქალაქო სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა.
- თბილისის საქალაქო სასამართლომ ელისაშვილი სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობას, აგრეთვე სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.
ელისაშვილი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპალაციოში ასაჩივრებს.
პოლიტიკოსისა და მისი ადვოკატის თქმით, სასამართლომ დააჯარიმა იმ ფონზე, როცა ხელშეუხებელია ყველა ის პოლიციელი, რომელიც ალეკო ელისაშვილზე განხორციელებულ ძალადობაში მონაწილეობდა.
"გვახსოვს ბიძინა ივანიშვილის დაპირება, რომელიც სამართლიანობის აღდგენას, სასამართლოს წნეხისგან განთავისუფლებას და დემოკრატიით ევროპის გაოცებას გვპირდებოდა. ჩვენ ახლა ვასაჩივრებთ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას - 17 აპრილს კანცელარიასთან 20-მდე პოლიციელი ფიზიკურად მისწორდებოდა, საქართველოს პარლამენტის წევრს, რომელსაც კონსტიტუციურად იმუნიტეტი მიცავს. ინციდენტის შემდეგ არცერთი პოლიციელისთვის ბრალი არ არის წარდგენილი და მე 2000 ლარით დამაჯარიმეს, ხულიგნობდი და უმისამართოთ იგინებოდიო. იმათ არაფერი მოჰკითხეს, მე დამაჯარიმეს. რა თქმა უნდა, რაიმე მოლოდინი მურუსიძის დუქანში, რომ სამართალს ვიპოვით არ მაქვს. ასეთი ქვეყანა შემოგვთავაზა 12-წლიანი მმართველობის თავზე ბიძინა ივანიშვილმა" ,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ალეკო ელისაშვილის ადვოკატის გიორგი რეხვიაშვილის განცხადებით, არც მოძალადე პოლიციელები არიან დასჯილები და არც სპეციალური საგამოძიებო სამსახური ასრულებს თავის მოვალეობას.
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრმა, ალეკო ელისაშვილმა რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი პოლიციელი დაასახელა, ვინც, მისი მტკიცებით, კანცელარიასთან მასზე ფიზიკურად იძალადა. ელისაშვილის თქმით, ის კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსანი, ზაქრო ჩოხელია.