"რუსული გზა თუ ევროპული მომავალი?" - ანა ნაცვლიშვილი ადენაუერის ფონდის აკადემიაში გამართულ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა
"რუსული გზა თუ ევროპული მომავალი?" - "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი ბერლინში, კონრად ადენაუერის ფონდის აკადემიაში გამართულ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა.
ღონისძიება დისკუსიების ციკლის - "საქართველო ფოკუსში" - ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანი იყო მსჯელობა საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე და მის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის, ევროპისა და მეზობელ აღმოსავლეთ ქვეყნებთან ურთიერთობებისთვის.
პანელური დისკუსიის ფარგლებში ანა ნაცვლიშვილმა ისაუბრა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, საპარლამენტო არჩევნებსა და ევროინტეგრაციის პროცესზე. ამასთან, დეპუტატმა ხაზი გაუსვა 26 ოქტომბრის ისტორიული საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას.
რუსული გზა თუ ევროპული მომავალი? - პირველი გზა არ განიხილება! საქართველოს უსაფრთხოება, განვითარება, მომავალი და რითიც ასე ვამაყობთ - ეროვნული სახის შენარჩუნება, მხოლოდ ევროპაშია შესაძლებელი. ამიტომაც საქართველოს მოქალაქეებმა დიდი ხანია, აირჩიეს ევროპული მომავალი, მჯერა, რომ 26 ოქტომბერს ისინი დაიცავენ ამ გადაწყვეტილებას არჩევნების გზით, ხოლო რუსეთის მსახური ოცნების ხელისუფლება წარსულში დარჩება.“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ბერლინში ვიზიტად მყოფი "ძლიერი საქართველოს" ლიდერი გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს ანტონ ჰოფრაიტერს და CDU/CSU-ს საპარლამენტო ჯგუფის ევროპული პოლიტიკისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე მრჩეველს, მიხაილ ვორლენდერსაც შეხვდა. მათ ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, წინასაარჩევნო გარემოზე, მოქალაქეების ევროპულ მისწრაფებებზე და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე.