დიმიტრი ჩიქოვანი: ჩემზე განხორციელებული თავდასხმის ორგანიზატორი „ქართული ოცნებაა“
“ჩემზე თავდასხმა მოხდა 8 მაისს. მას შემდეგ დღემდე არ არის საქმის მასალები ჩემი ადვოკატისთვის გადმოცემული", - ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, დიმიტრი ჩიქოვანმა განაცხადა.
ჩიქოვანის თქმით, ეს მიუთითებს, რომ “ქართული ოცნების” მთავრობისთვის აღნიშნული საქმეების გამოძიება არც პრიორიტეტია და არც მათ ინტერესებშია, რადგან ოპოზიციონერი თვლის, რომ ამ ორგანიზებული ძალადობრივი ქმედებების უკან, სწორედ ხელისუფლება დგას.
“ჩემზე თავდასხმა მოხდა 8 მაისს. პოლიციამ გამომკითხა ორ კვირაში, საკმაოდ დაგვიანებულია, ცხელ კვალზე არანაირი გამოძიება არ ყოფილა. ეს გამოკითხვაც არაფორმალურ სახეს ატარებდა. მას შემდეგ დღემდე არ არის საქმის მასალები ჩემი ადვოკატისთვის გადმოცემული, დაზარალებულად ცნობაც ორი თვის შემდეგ მოხდა, რაც მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ “ქარტული ოცნების” მთავრობისთვის ამ საქმეების გამოძიება არც პრიორიტეტია და არც მათ ინტერესებშია, რადგან ცალსახად ისინი არიან ამ ორგანიზებული ძალადობრივი ქმედებების უკან.” - განაცხადა დიმიტრი ჩიქოვანმა.
ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს თავს საკუთარ სახლთან 8 მაისს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.