რატომ გაიწვიეს საქართველოდან უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული - უკრაინის ოფიციალური პასუხი

11.09.24 18:10
რატომ გაიწვიეს საქართველოდან უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული - უკრაინის ოფიციალური პასუხი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას მიერ საქართველოდან უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, მიხაილო ხარიშინის გაწვევა დაკავშირებულია რიგ კომპლექსურ მიზეზებთან, მათ შორის, ელჩების მუშაობის გაძლიერების სურვილთან.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, გეორგი ტიხიმ ბრიფინგზე განაცხადა.

საკითხზე კომენტარის გაკეთებისას მან თქვა, რომ "საუბარი არაა სახელზე და არც რაღაც ნიუანსებზე", არამედ საუბარია "კომპლექსურ მიზეზებზე, რამაც აიძულა საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი მიეღო ასეთი გადაწყვეტილება".

(გადაწყვეტილება) მიღებულია ელჩების საქმიანობის გაძლიერების კონტექსტში, მათი სამუშაოს, აქტიურობისა და მიღწეული შედეგების ანალიზისთვის და ამასთან ერთად, დიპლომატიური სისტემის მუშაობის ომის რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანის საჭიროების გათვალისწინებით, მაშინ, როდესაც შედეგებია საჭირო", - დასძინა მან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ასევე "არც თუ ისე სწორი" უწოდა დროებითი რწმუნებულის გაწვევის გადაწყვეტილების ინდივიდუალურ საკითხებთან დაკავშირება.

9 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, მიხაილო ხარიშინი გაიწვია. 

როგორც მინისტრი Facebook-გვერდზე წერს, საგარეო უწყებამ ომში მყოფი ქვეყნის რეალობას უნდა უპასუხოს. მისი განცხადებით, ომში მყოფი ქვეყნის ელჩები ვერ იქნებიან მოწყვეტილი ომის რეალობისგან.

შეგახსენებთ, რომ უკრაინას საქართველოში ელჩი ორ წელზე მეტია არ ჰყავს.

2022 წლის მარტში უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი, იგორ დოლგოვი რუსეთის შემოჭრის ფონზე თბილისის არამეგობრული ნაბიჯების გამო გაიწვია. 

მსგავსი სიახლეები