ჩვენი ელჩი, პრაქტიკულად, გამოაგდეს უკრაინიდან - პრემიერი

11.09.24 18:50
ჩვენი ელჩი, პრაქტიკულად, გამოაგდეს უკრაინიდან - პრემიერი

"ჩვენი ელჩი, პრაქტიკულად, გამოაგდეს უკრაინიდან" - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მედიასთან საუბრის დრო გააკეთა. 

"ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლის მტკიცებით, "უკრაინიდან საქართველოს ელჩის გამოგდებამდე, უკრაინულმა მხარემ საქართველოდან საკუთარი ელჩი იმ საბაბით გაიწვია, რომ საქართველომ რუსეთს მეორე ფრონტი არ გაუხსნა".

ჩვენ არაერთხელ დავაყენეთ ეს საკითხი. ეს არის უკრაინის ხელში. ჩვენ არ გამოგვიწვევია ელჩი უკრაინიდან და არც უკრაინის ელჩი გაგვიწევია საქართველოდან. ეს გააკეთა უკრაინულმა მხარემ. ჯერ საკუთარი ელჩი გაიწვიეს საქართველოდან ორი საბაბით, არ მივუერთდით სანქციებს, ანუ, ჩვენი ეკონომიკის ჩამოქცევაზე იყო საუბარი და მეორე ის, რომ არ გავგზავნეთ მებრძოლი მოხალისეები უკრაინაში, ანუ, საუბარი იყო მეორე ფრონტის გახსნაზე. არ გავაკეთეთ არც ერთი და არც მეორე, არ ჩამოვაქციეთ ეკონომიკა, არ გავხსენით მეორე ფრონტი. ამ საბაბით გაწვეული იქნა უკრაინის ელჩი. ამის შემდეგ ჩვენი ელჩი, პრაქტიკულად, გამოაგდეს ქვეყნიდან. ეს არის ის ელჩი, რომელსაც ერთი დღეც კი არ დაუტოვებია უკრაინა ომის დაწყების დღიდან. იყო არაერთი ელჩი, მათ შორის, დასავლური ქვეყნების ელჩები, რომლებმაც პირველივე დღიდან გამოაცხადეს ევაკუაცია და წავიდნენ კიევიდან. საქართველოს ელჩი ბოლომდე რჩებოდა კიევში და ესაც კი არ დაუფასეს ამ კაცს, არც ჩვენს ქვეყანას და გამოაგდეს უკრაინიდან", - ამბობს კობახიძე. 

9 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, მიხაილო ხარიშინი გაიწვია. 

როგორც მინისტრი Facebook-გვერდზე წერს, საგარეო უწყებამ ომში მყოფი ქვეყნის რეალობას უნდა უპასუხოს. მისი განცხადებით, ომში მყოფი ქვეყნის ელჩები ვერ იქნებიან მოწყვეტილი ომის რეალობისგან.

შეგახსენებთ, რომ უკრაინას საქართველოში ელჩი ორ წელზე მეტია არ ჰყავს.

2022 წლის მარტში უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი, იგორ დოლგოვი რუსეთის შემოჭრის ფონზე თბილისის არამეგობრული ნაბიჯების გამო გაიწვია. 

მსგავსი სიახლეები