კარპენტერი "ოცნებას" სანქციებს უანონსებს: ვაგრძელებთ გზების ძიებას, რათა შესაბამის პირებს პასუხი ვაგებინოთ
საქართველოს ხელისუფლება ამერიკის შეერთებული შტატებისგან მწვავე გზავნილებს იღებს - აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსი დირექტორი, მაიკლ კარპენტერი "ქართული ოცნების" ბოლოდროინდელ ქმედებებს ანტიდემოკრატიულად აფასებს.
კარპენტერი "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოში განვითარებული მოვლენები, ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება და მმართველი პარტიის მიერ სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება უპასუხოდ არ დარჩება.
"სანქციების შესახებ წინასწარ არ ვაცხადებთ, მაგრამ ვეცდებით ადამიანებზე პასუხისმგებლობის დაკისრებას ანტიდემოკრატიული ქმედებებისთვის და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვის" - ამბობს კარპენტერი.
საქართველოს ტრაექტორია ძალიან გვაწუხებს. ბოლო დროს განხორციელებული ანტიდემოკრატიული ქმედებები, სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება და გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების სივრცის შემცირება ჩვენთვის შემაშფოთებელია. ამ ტრაექტორიას უკვე საკმაო ხანია ვხედავთ და "უცხოეთის აგენტების კანონი" ამის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
გულწრფელად რომ ვთქვათ, მმართველი პარტიისგან მომავალი განცხადებებიც შეშფოთების საგანია. ასე რომ ჩვენ მოქმედება დავიწყეთ. შევაჩერეთ 95 მილიონი დოლარის დახმარება, რომელსაც ჩვეულებრივ ვუწევთ ხოლმე საქართველოს მთავრობას; გავატარეთ შეზღუდვის პოლიტიკა „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკების, სამართალდამცავების, კერძო მოქალაქეების, პარლამენტის წევრების მიმართ, რომლებიც თანამონაწილენი არიან იმ ქმედებებისა, რომლებიც არღვევენ დემოკრატიულ ნორმებს საქართველოში. ჩვენ გავაგრძელებთ გზების ძიებას, რათა შესაბამის პირებს პასუხი ვაგებინოთ იმაზე, რაც მოხდა.
იმის თქმა, რომ ეს [მოვლენები] შემაშფოთებელია, საკმარისი არაა. საქართველოს კურსში ძალიან ბევრი რამ გვაშფოთებს.
სანქციების შესახებ წინასწარ არ ვაცხადებთ, მაგრამ ვეცდებით ადამიანებზე პასუხისმგებლობის დაკისრებას კორუფციისთვის, ანტიდემოკრატიული ქმედებებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებისთვის და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვის.
ჩვენ გვაქვს საჭირო ინსტრუმენტები, რათა შესაბამისად მოვიქცეთ, როგორც საქართველოს კონტექსტში, ისე გლობალურადაც. გავაგრძელებთ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას, როდესაც ეს აუცილებელი იქნება,“ - განაცხადა კარპენტერმა.