ნოდარ მელაძე: ცესკოს თავმჯდომარე, ზეწოლას ახდენს "შაბათის ეთერის" გუნდზე და მუქარით აიძულებს შეწყვიტოს ცესკოს საქმიანობის შესახებ მასალის მომზადება

12.09.24 12:40
ნოდარ მელაძე: ცესკოს თავმჯდომარე, ზეწოლას ახდენს "შაბათის ეთერის" გუნდზე და მუქარით აიძულებს შეწყვიტოს ცესკოს საქმიანობის შესახებ მასალის მომზადება

"ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ზეწოლას ახდენს "შაბათის ეთერის" გუნდზე და მუქარით აიძულებს შეწყვიტოს ცესკოს საქმიანობის შესახებ მასალის მომზადება" -  ამის შესახებ ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა და გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდის ტელეპროექტის ავტორმა, ნოდარ მელაძემ განაცხადა. 

დღეს, 12 სექტემბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბრალი დასდო "ტვ პირველის" ჟურნალისტებს ცესკოს თანამშრომლების პერსონალური მონაცემების, სავარაუდო, უკანონო დამუშავებაში.

"ეს არის ტყუილი! თუ ჟურნალისტი გაიგებს ტელეფონის ნომერს ან მისამართს იმისთვის, რომ დასვას კითხვები და გადაამოწმოს ფაქტები, რომელიც ეხება კონკრეტულ მასალას, რატომ არის ეს პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავება?! იცით, რა იგულისხმა ცესკოს შეფმა? საიდან გაიგეს მისამართებიო." - განაცხადა ნოდარ მელაძემ. 

საგამოძიებო ტელეპროექტის ჟურნალისტები რეალურ მუქარად აღიქვამენ ცესკოს თავმჯდომარის განცხადებას, რომ ის გადახედავს მედიასაშუალებებთან თანამშრომლობას.

ჩვენ მოვითხოვთ ამ განცხადების მკაფიო განმარტებას, რას ნიშნავს თანამშრომლობის გადახედვა? აკრედიტაციის შეჩერებას? არჩევნების პროცესში ცესკოსა და საარჩევნო უბნებზე აღარ შეგვიშვებენ იმისთვის, რომ არჩევნები გავაშუქოთ? თუ ქართული ოცნების მსგავსად ბოიკოტის რეჟიმში გადავლენ და კრიტიკული მედიის კითხვებს აღარ უპასუხებენ?" -  განაცხადა ნოდარ მელაძემ. 

"ჩვენ აღვიქვამთ ცესკოს თავმჯდომარის განცხადებებს რეალურ მუქარად, რადგან დიდია რისკი, რომ ერთი პარტიის ლეგიტიმაციით თანამდებობაზე არჩეულმა გიორგი კალანდარიშვილმა მედიაზე ანგარიშსწორებისთვის გამოიყენოს ამავე პარტიის კონტროლქვეშ მყოფი სასამართლოს კლანი ჟურნალისტების დასასჯელად. ეს მანამდე არაერთხელ გაუკეთებიათ მაღალი თანამდებობის პირებს." -  განმარტავს "ტვ პირველის" ახალი ამბების სამსახურის უფროსი. 

"მუქარის, დაშინების მცდელობის და შანტაჟის ნაცვლად, მოვუწოდებთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის  ადმინისტრაციას და მათ თანამშრომლებს უპასუხონ კითხვებს, რომლებიც მედიას კონკრეტული მასალის მომზადების პროცესში აქვს".

მსგავსი სიახლეები