რა აშფოთებს?! - დავითულიანი კარპენტერზე
ამერიკის შეერთებული შტატების უმწვავესი გზავნილების საპასუხოდ, "ქართული ოცნება" მაიკლ კარპენტერს თავს ესხმის - ივანიშვილის გუნდის წევრი, ბექა დავითულიანი თეთრი სახლის წარმომადგენელს აკრიტიკებს და ამტკიცებს, რომ ჯო ბაიდენის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებების უკან გარკვეული პოლიტიკური მიზნები იმალება.
ბექა დავითულიანი იმასაც ირწმუნება, რომ მმართველმა პარტიამ არჩევნების გაყალბების ალბათობა მინიმუმამდე დაიყვანა და შესაბამისად, დასავლელი პოლიტიკოსის შეშფოთება უცნაურია.
როცა უცხოელი, უცხო ქვეყანას წარმოადგენ და რაღაც შეფასებას აკეთებს არჩევნებზე, მიმართულება კი არ უნდა გაშინებდეს, არამედ არჩევნების ბედი უნდა გაშინებდეს. მიმართულება, საგარეო კურსი ცალკე თემაა და არჩევნები ცალკე თემა. ამისი ერთმანეთში აღრევა ნიშნავს პოლიტიკური მიზნების ქონას ამ შეფასების ავტორისგან. თუ ბატონ კარპენტერს ის აშინებს, რომ ელექტრონული არჩევნებია საქართველოს ოლქების 90%-ში და გაყალბების ალბათობა მინიმუმამდეა დაყვანილი, ეს ცოტა უცნაურია. რა აშფოთებს ჯერჯერობით მშვიდი საარჩევნო გარემო რომ გვაქვს, თუ კონკრეტულად რა აშფოთებს ეს უნდა გვითხრას, თუ აშფოთებს არჩევნებთან რა კავშირშია. უნდა ჩამოყალიბდნენ და ისე გააკეთონ განცხადება", - ამბობს დავითულიანი.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა, მაიკ კარპენტერმა "ამერიკის ხმას" საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ ინტერვიუ მისცა.
"თუ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ იქნება, ეს საქართველოს დემოკრატიული ზრდისთვის შემაფერხებელი იქნება" - თქვა კარპენტერმა.
ჯო ბაიდენის სპეციალურმა წარმომადგენელმა ისიც აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნება" არ შეწყვეტს სამოქალაქო საზოგადოების მიზანში ამოღებას და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შევიწროებას, მაშინ 2024 წლის გადამწყვეტი არჩევნები სამართლიანად ვერ ჩაითვლება.
კარპენტერმა საქართველოს პრემიერის განცხადება, ოპოზიციური სპექტრის აკრძალვასთან დაკავშირებით, არადემოკრატიულ ნაბიჯად შეაფასა.