"ოცნება" პარტნიორების წინააღმდეგ - მაჭავარიანი კარპენტერს ობიექტურობას უწუნებს

12.09.24 13:45
"ოცნება" პარტნიორების წინააღმდეგ -  მაჭავარიანი კარპენტერს ობიექტურობას უწუნებს

"ქართული ოცნება" ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ - მაიკლ კარპენტერის მწვავე გზავნილების შემდეგ, თეთრი სახლის წარმომადგენელზე იერიში ლევან მაჭავარიანს მიაქვს. ივანიშვილის გუნდის წევრი დასავლელი პარტნიორის განცხადებას "არაობიექტურად" აფასებს და შტატებისგან მტკიცებულებებს ითხოვს.

მმართველი პარტიის დეპუტატი ირწმუნება, რომ საქართველოში მესამე სექტორზე და ოპოზიციურ სპექტრზე ზეწოლა არ ხდება და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ იზღუდება. 

ამასთან, ლევან მაჭავარიანი შტატებს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს - "ჩვენთვის ერთადერთი დახმარება იქნება, თუ ჩვენს შიდა საქმეებში არავინ არ ჩაერევა".

აბსოლუტურად არაობიექტური განცხადება არის და ვინმემ წარმოადგინოს ფაქტი, ან მტკიცებულება, თუ სად მიმდინარეობს ზეწოლა ენჯეო სექტორზე, ან ოპოზიციაზე, ან ზოგადად სიტყვის, გამოხატვის და მედიის თავისუფლებაზე. ბევრი კითხვა ისმევა ხოლმე, რომ ახლა "მეგობარი აქტით" დაგეხმარებიან. ჩვენთვის ერთადერთი დახმარება იქნება, თუ ჩვენს შიდა საქმეებში არავინ არ ჩაერევა. საზოგადოება უკვე ძალიან კარგად არჩევს, თეთრი რა არის და შავი რა არის. მნიშვნელობა არ აქვს ჩვენი საზოგადოებისთვის ვინმე ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან თუ სამხრეთიდან ეტყვის, რომ თეთრი არის შავი. თეთრი არის თეთრი, შავი არის შავი", - ამბობს მაჭავარიანი.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა, მაიკ კარპენტერმა "ამერიკის ხმას" საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ ინტერვიუ მისცა

"თუ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ იქნება, ეს საქართველოს დემოკრატიული ზრდისთვის შემაფერხებელი იქნება" - თქვა კარპენტერმა

ჯო ბაიდენის სპეციალურმა წარმომადგენელმა ისიც აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნება" არ შეწყვეტს სამოქალაქო საზოგადოების მიზანში ამოღებას და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შევიწროებას, მაშინ 2024 წლის გადამწყვეტი არჩევნები სამართლიანად ვერ ჩაითვლება.

ამასთან, კარპენტერმა საქართველოს პრემიერის განცხადება, ოპოზიციური სპექტრის აკრძალვასთან დაკავშირებით, არადემოკრატიულ ნაბიჯად შეაფასა. 

მსგავსი სიახლეები