"ვეტინგების ჩატარების წინააღმდეგი ვარ" - ნიკოლოზ მარსაგიშვილი

12.09.24 16:10
"ვეტინგების ჩატარების წინააღმდეგი ვარ" - ნიკოლოზ მარსაგიშვილი

"ვეტინგების ჩატარების წინააღმდეგი ვარ"- ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილმა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მარსაგიშვილის თქმით, მოსამართლეთა ვეტინგი სულ სხვა მიზანს ისახავს, რაც კეთილსინდისიერების შემოწმებით არის გამართლებული.

მისვე განცხადებით, არც ერთ მოსამართლეს არ ეშინია, რომ მისი არაკეთილსინდისიერება ეჭვქვეშ დადგება.

კითხვაზე, საკანონმდებლო დონეზე მოსამართლეთა ვეტინგი ნებაყოფლობითი რომ იყოს, კეთილსინდისიერების შემოწმებას საკუთარი ნებით გაივლიდა თუ არა, მარსაგიშვილმა განაცხადა, რომ ვიღაცის მიერ შემოწმებას ნებაყოფლობით არ დათანხმდებოდა.

„არ ვიცი, როცა შემოწმება ნებაყოფლობითია, ის რამდენად არის ვეტინგი. ვეტინგი სულ სხვა მიზნებს ისახავს. პრაქტიკიდან გამომდინარე, სადაც ჩატარდა, კეთილსინდისიერების შემოწმება არ არის - ის სულ სხვა მიზანს ისახავს, რაც კეთილსინდისიერების შემოწმებით არის გამართლებული.

ახლაც ყველა მოსამართლის ქონებრივი მდგომარეობა არის ღია. ნებისმიერ კონკურსში მონაწილეობის დროს, იმაზე მეტ ინფორმაციას აწვდიან, რაც დეკლარაციის შევსების პირობებით არის განსაზღვრული.

სახელმწიფომ, რომელიც პასუხისმგებელია სასამართლო სისტემის გამართულ მუშაობაზე, ეს მექანიზმი შექმნა. ჩვენ გვაქვს ანტიკორუფციული ბიურო, რომელსაც საკმაოდ ფართო უფლებამოსილება აქვს.

ნებაყოფლობით არ დავთანხმდებოდი, რომ ვიღაცამ შემამოწმოს, თუმცა ჩემი დეკლარაცია საზოგადოებისთვის ღიაა და ნებისმიერ ქონებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას პასუხს გავცემ. წინააღმდეგი ვარ, გამომკითხონ და ჩატარდეს ვეტინგები. არც ერთ მოსამართლეს არ ეშინია, რომ მისი არაკეთილსინდისიერება ეჭვქვეშ დადგება“, - განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა კომიტეტის სხდომაზე.

მსგავსი სიახლეები