"ცრუ ნარატივის ნაწილია" - შალვა პაპუაშვილი მაიკლ კარპენტერს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს
ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაჟღერებული უმწვავესი გზავნილები დღის მთავარი პოლიტიკური თემაა - რამდენიმე წუთის წინ, პარლამენტის თავმჯდომარემ ჯო ბაიდენის სპეციალური წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებებს "ცრუ ნარატივის ნაწილად" აშეაფას და აცხადებს, რომ დასავლელი პოლიტიკოსების მხრიდან წამოსული კრიტიკა "ოცნებისთვის" შემაშფოთებელია.
შემაშფოთებელია ასეთი განცხადებები, რომელშიც რაღაცნაირად ჩადებულია, რომ შესაძლოა, არსებობდეს ეჭვი, რომ საქართველოში შეიძლება, არჩევნები სამართლიანი არ იყოს. არ ვიცი, ეს ეჭვი საიდან მოდის და სამწუხაროა, რომ ესეც ცრუ ნარატივის ნაწილი არის. ნაცვლად იმისა, რომ საქართველოზე ვრცელდებოდეს ცრუ ნარატივები არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მე ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის უწყებებს, განსაკუთრებით კონგრესს, რომ გამოიძიოს USAID-ის მონაწილეობა 2020 წლის არჩევნებში ყალბი პარალელური დათვლის შედეგების გავრცელებაში", - ამბობს პაპუაშვილი.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა, მაიკ კარპენტერმა "ამერიკის ხმას" საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ ინტერვიუ მისცა.
"თუ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ იქნება, ეს საქართველოს დემოკრატიული ზრდისთვის შემაფერხებელი იქნება" - თქვა კარპენტერმა.
ჯო ბაიდენის სპეციალურმა წარმომადგენელმა ისიც აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნება" არ შეწყვეტს სამოქალაქო საზოგადოების მიზანში ამოღებას და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შევიწროებას, მაშინ 2024 წლის გადამწყვეტი არჩევნები სამართლიანად ვერ ჩაითვლება.
ამასთან, კარპენტერმა საქართველოს პრემიერის განცხადება, ოპოზიციური სპექტრის აკრძალვასთან დაკავშირებით, არადემოკრატიულ ნაბიჯად შეაფასა.