უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებლების მობილიზაცია იქნება იმისთვის, რომ "ოცნებამ" ხმები ვერ მიიტაცოს - ჯაფარიძე
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის არა მხოლოდ შტატები, არამედ ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი დამკვირვებლების რაოდენობის თვალსაზრისით მაქსიმალურად მობილიზებულები არიან.
როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, დამკვირვებლების ასეთი მასშტაბით მობილიზება საჭიროა იმისთვის, რომ "ქართულმა ოცნებამ" ქართველი ხალხის ხმების გაყალბება ვერ შეძლოს.
არა მხოლოდ შეერთებული შტატები, არამედ ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი, არიან ძალიან მობილიზებულები დამკვირვებლების რაოდენობის თვალსაზრისით. უპრეცედენტო რაოდენობა იქნება დამკვირვებლების იმისათვის, რომ შემცირდეს იმის რისკი, რომ იქნება ხმები მიტაცებული. ამიტომ ეს დიდ იმედს გვაძლევს და როცა ასეთი დიდი ყურადღებაა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, თუკი იქნება მცდელობა, უხეშად ჩაერივნონ არჩევნების დღეს "ქართული ოცნების" წარმომადგენლები საარჩევნო პროცესში, შესაბამისად, ასეთი არჩევნები ლეგიტიმური ვერ იქნება", - ამბობს ჯაფარიძე.
- ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა, მაიკ კარპენტერმა "ამერიკის ხმას" საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ ინტერვიუ მისცა.
- "თუ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ იქნება, ეს საქართველოს დემოკრატიული ზრდისთვის შემაფერხებელი იქნება" - თქვა კარპენტერმა.
- ჯო ბაიდენის სპეციალურმა წარმომადგენელმა ისიც აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნება" არ შეწყვეტს სამოქალაქო საზოგადოების მიზანში ამოღებას და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შევიწროებას, მაშინ 2024 წლის გადამწყვეტი არჩევნები სამართლიანად ვერ ჩაითვლება.
- ამასთან, კარპენტერმა საქართველოს პრემიერის განცხადება, ოპოზიციური სპექტრის აკრძალვასთან დაკავშირებით, არადემოკრატიულ ნაბიჯად შეაფასა.