თუ ქართული დემოკრატია დამარცხდება, რუსეთი კვლავაც უკანა ეზოდ მოგვნიშნავს - ეკა გიგაურის სიტყვა აშშ-ის სენატში

12.09.24 19:03
თუ ქართული დემოკრატია დამარცხდება, რუსეთი კვლავაც  უკანა ეზოდ მოგვნიშნავს - ეკა გიგაურის სიტყვა აშშ-ის სენატში

"თუ ქართული დემოკრატია დამარცხდება და ქვეყანა კვლავ რუსულ ორბიტაზე მოექცევა, ეს დემოკრატიული განვითარების შანსებს  საქართველოს აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლოსაც გაუქრობს. გეოპოლიტიკურად ეს ასე ითარგმნება, რუსეთი კვლავაც  უკანა ეზოდ მოგვნიშნავს და თავის გავლენის სფეროში მოგვაქცევს" - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა  აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რომელიც რუსულ კანონს თან ახლავს. 

სენატში გამოსვლისას გიგაურმა ყურადღება არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მასიურ კოორდინირებულ დისკრედიტაციის კამპანიაზე გაამახვვილა და თქვა, რომ ის და მისი ოჯახის წევრებიც მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან სიტყვიერი თავდასხმებისა და დაშინების სამიზნე არაერთხელ გახდნენ.

მოგიყვებით საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების  მიმართ მტრულად განწყობილ კანონმდებლობაზე და, გაგიზიარებთ ჩემი, როგორც უფლებადამცველის პირად გამოცდილებას სახელისუფლებო თავდასხმებთან დაკავშირებით. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არასამთავრობო ორგანიზაციების შემზღუდავი კანონების შემოღების ტენდენცია საგანგაშოა. პირველად ეს კანონები რუსეთში პუტინის რეჟიმმა დანერგა, რასაც  შედეგად  კონსოლიდირებული ავტოკრატია მოჰყვა. საქართველოს მსგავს ქვეყნებში, ამ ტიპის კანონების მიღებასთან ერთად, ავტოკრატიული მმართველები მოსახლეობის უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ იწყებენ მოქმედებას -  ერთდროულად რუსულ ანტიდასავლურ დეზინფორმაციას აძლიერებენ,  თან საზოგადოებას ხლეჩენ და ძირს უთხრიან აშშ-სთან და ევროკავშირთან პარტნიორობას"- განაცხადა ეკა გიგაურმა. 

მისი თქმით, ამ ბრძოლაში წარმატების მისაღწევად ორი მთავარი ელემენტია აუცილებელი:

  •  აქტიური მოქალაქეების ერთიანობა, რომელთა გაცნობიერებული არჩევანიცაა თავისუფლება და მზაობა მის დასაცავად; და მეორე,
  • საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოების მძლავრი მხარდაჭერა აქტიური სამოქალაქო საზოგადოების  მიმართ. საქართველოს შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ შეერთებული შტატები უნდა საუბრობდეს და მოქმედებდეს მორალური ავტორიტეტით, მტკიცედ და დამაჯერებლად. სამი ათეული წელია, ზუსტად ასეთ პარტნიორად იქცა ჩვენთვის ამერიკა, როდესაც ქართველებს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის  დაცვაში გვეხმარებოდა.

ეკა გიგაური ხაზგასმით ამბობს, რომ "საქართველოს მოქალაქეების გააზრებული არჩევანია თავისუფლება ავტორიტარიზმის ნაცვლად":

ეს არ ნიშნავს, რომ ქართველი ხალხის  გასაკეთებელი საქმე,  ამერიკამ უნდა გააკეთოს. არა და არა! საქართველოს მოქალაქეების გააზრებული არჩევანია თავისუფლება ავტორიტარიზმის ნაცვლად,  თავისუფლებას კი ვერავინ, ყველაზე დიდი მოკავშირეც, ვერ მოგანიჭებს. ხალხმა, ვისთვისაც ამერიკა ყოველთვის იყო შთაგონების წყარო, ზუსტად იცის, რომ თავისუფლების მოპოვება მხოლოდ ბრძოლითაა შესაძლებელი!

იქ, სადაც დემოკრატიის მხარდამჭერი ძლიერი მოძრაობები არსებობენ, ხოლო  ამერიკასთან პარტნიორობას რუსეთის მსგავსი ქვეყნები უქმნიან საფრთხეს - რასაც ახლა საქართველოში ვადევნებთ თვალს -   მოქალაქეების  დემოკრატიული მისწრაფებების თანმიმდევრული მხარდაჭერა შესაძლოა გარდამტეხი აღმოჩნდეს"- დასძინა გიგაურმა. 

TI-ის ხელმძღვანელმა სენატში პირდაპირ თქვა, რომ სახალხო მღელვარების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ წითელი ხაზების გადაკვეთა გააგრძელა და რუსული კანონი დაამტკიცა. 

ეკა გიგაურის თქმითვე, ქართველებისთვის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ფაქტიურად რეფერენდუმია: 

საქართველოში „რუსულ კანონს“ სახალხო მღელვარება მოჰყვა. თუმცა ხელისუფლებამ მაინც განაგრძო წითელი ხაზების გადაკვეთა რუსული ყაიდის მმართველობის დასამყარებლად. ამიტომ ქართველებისთვის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ფაქტიურად რეფერენდუმია! მკაფიო არჩევანი დემოკრატიულ, წარმატებულ ევროპულ მომავალსა და ჭაობში ჩარჩენილ რუსეთის სატელიტად გახდომას შორის.

თუ ქართული დემოკრატია დამარცხდება და ქვეყანა კვლავ რუსულ ორბიტაზე მოექცევა, ეს დემოკრატიული განვითარების შანსებს  საქართველოს აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლოსაც გაუქრობს. გეოპოლიტიკურად ეს ასე ითარგმნება, რუსეთი კვლავაც  უკანა ეზოდ მოგვნიშნავს და თავის გავლენის სფეროში მოგვაქცევს.

რუსეთში აპრობირებული ავტოკრატიული მიზნები მარტივია: კრიტიკული ხმების ჩახშობა, სამოქალაქო სივრცის ჩაკეტვა და თავისუფალი მედიის გაქრობა.  ამ მიზნების მიღწევისთვის კი კანონიერების ცრუ ფასადით შენიღბული ანტი-არასამთავრობო კანონმდებლობა ძალიან მოხერხებული იარაღია"- თქვა გიგაურმა. 

 

მსგავსი სიახლეები