რას მოიცავს რუსული კანონის რეპრესიული ზომები - ეკა გიგაურის სიტყვა სენატში
„არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონები და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების სხვა ინსტრუმენტები - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვთ გამოსვლისას რუსულ კანონსა და საფრთხეებზე ისაუბრა, რომელიც საშიშ კანონს თან ახლავს.
ეკა გიგაურმა სენატორებს დეტალურად აუხსნა რას მოიცავს რუსული კანონის რეპრესიული ზომები
გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, საქართველოში ეს პროცესი სამ ეტაპად წარიმართა:
პირველი ფაზა: რეპრესიების დასაკანონებლად ნიადაგის მომზადება:
ყველაფერი სამოქალაქო საზოგადოების, აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) და დემოკრატიის მხარდამჭერი ამერიკული ორგანიზაციების წინააღმდეგ მასიური კოორდინირებული დისკრედიტაციის კამპანიით დაიწყო. სხვა კოლეგებთან ერთად, მე და ჩემი ოჯახის წევრებიც გავხდით მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან სიტყვიერი თავდასხმებისა და დაშინების სამიზნე.
მეორე ფაზა: კანონის მიღება საზოგადოების წინააღმდეგობის მიუხედავად
სახალხო მღელვარების, ამერიკელი და ევროპელი მეგობრების მკაფიო გაფრთხილების მიუხედავად, კანონი მაინც მიიღეს. ხელისუფლებამ რუსული მეთოდებით გააგრძელა კოორდინირებული დეზინფორმაციის კამპანია, სადაც სამოქალაქო საზოგადოებას და საერთაშორისო მეგობრებს საქართველოს დესტაბილიზაციის მოსურნე „გლობალური ომის პარტიად“ წარმოაჩენს. ხელისუფლება ღიად ანტიამერიკულ რელსებზე გადავიდა და დასავლეთთან სტრატეგიული პარტნიორობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
მესამე ფაზა: რუსული კანონის აღსრულება
ახლა, ამ საუბრის პარალელურად, საქართველოში კანონის აღსრულების მესამე ფაზაა დაწყებული"- განაცხადა ეკა გიგაურმა.
TI-ის ხელმძღვანელის განცხადებით, კანონის რეპრესიული ზომები მოიცავს:
- ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებისთვის „უცხოური აგენტების“ იარლიყის მიწებებას. ქართველებისთვის ეს ტერმინი დამამცირებელია და საბჭოთა რეპრესიებთანაა ასოცირებული.
- მძიმე ფულადი ჯარიმების დაწესებას და ქონების დაყადაღებას მათთვის, ვინც უარს ამბობს „აგენტად“ დარეგისტრირებაზე ან არ მიაწვდის მოთხოვნილ ინფორმაციას.
- პირადი ხასიათის მგრძნობიარე ინფორმაციის გამოთხოვას, რაზეც უარი ასევე ჯარიმებს ან აქტივების გაყინვას იწვევს