ეკა გიგაური: გადამწყვეტ ბრძოლაში ვართ, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული მომავლის დასაცავად უკან დახევას არ ვაპირებთ!
საქართველოში შექმნილი ვითარება დრამატულია, მაგრამ მე აქ თანაგრძნობისთვის არ მოვსულვარ. ახლა გადამწყვეტ ბრძოლაში ვართ ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული მომავლის დასაცავად. უკან დახევას არ ვაპირებთ! - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვთ გამოსვლისას განაცხადა.
ეკა გიგაურის თქმით, ქართველები კარგად აცნობიერებენ, რომ თავისუფლება მარტივად არ მოდის და მას მოპოვება სჭირდება.
მისივე განცხადებით, ამ ბრძოლაში ქართველ ხალხს ამერიკელი და ევროპელი მეგობრები უჭერენ მხარს;
ამ ბრძოლაში ჩვენ მარტო არ ვართ. ქართველ ხალხს ამერიკელი და ევროპელი მეგობრები უჭერენ მხარს; მკაფიო გზავნილებით ესაუბრებიან ქართველ ავტოკრატებს; ამხნევებენ მათ, ვინც დემოკრატიას იცავს; ასანქცირებენ მათ, ვინც დემოკრატიას აზიანებს; „მეგობარი აქტისა“ და „ქართველი ხალხის აქტის“ ინიციატივებით გამოდიან. ამ მხარდაჭერას გულითადად აფასებს თითოეული ქართველი, ვისთვისაც თავისუფლება უზენაესი ღირებულებაა და ჩაგვრა მიუღებელია.
ქართველები კარგად აცნობიერებენ, რომ თავისუფლება მარტივად არ მოდის და მას მოპოვება სჭირდება - მთელი ჩვენი ისტორია ასეთი ბრძოლის და თავგანწირვის მაგალითებითაა სავსე. ამერიკისა და მისი მოკავშირეების დახმარებით, ჩვენ ერთხელ უკვე ავაშენეთ მსოფლიოს ამ ნაწილში განვითარებადი დემოკრატია და მჯერა, რომ თქვენი თანადგომით, ახლაც გავიმარჯვებთ სახელოვნად!
მოხარული ვარ, ვუპასუხო თქვენს კითხვებს, მათ შორის იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია გავხადოთ ქართველი ხალხისადმი ამერიკის ძლიერი მხარდაჭერა კიდევ უფრო ეფექტური"- დასძინა მან.