“ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, ვერ შეძლებენ ისეთი არჩევნების ჩატარებას, როგორსაც პუტინი ატარებს კადიროვის ჩეჩნეთში“- “ძლიერი საქართველო“

13.09.24 12:51
“ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, ვერ შეძლებენ  ისეთი არჩევნების ჩატარებას, როგორსაც პუტინი ატარებს კადიროვის ჩეჩნეთში“- “ძლიერი საქართველო“

კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა კახეთში  საარჩევნო კამპანია დაიწყეს. სპეციალურ ბრიფინგზე კოალიციის ლიდერებმა კახეთში არსებულ პრობლემებზე და მისი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

მათ ხაზი გაუსვეს იმ ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტებს, რაც მათ კოალიციას აუცილებლად ექნება.

ვიწყებთ კახეთის საარჩევნო კამპანიის აქტიურ ფაზას საგარეჯოდან. 80 -იანი წლების მიწურულს , რამდენიმე კილომეტრში, დავით-გარეჯის კომპლექსის გადასარჩენად, ეროვნული მოძრაობა დაიწყო და მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 30 წლის შემდეგაც, საქართველოს, ამჯერად უკვე რუსთაველზე მოუწევდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თავიდან დაწყება, რუსული კანონისგან გასათავისუფლებად.

როდესაც ვსაუბრობთ, რომ ხელისუფლება არის რუსული, ვგულისხმობთ მის შიდა პოლიტიკასაც, დიახ, სწორედ რუსული პოლიტიკის განხორციელების მცდელობა ჰქონდათ  წინასაარჩევნო კონტექტსში, როდესაც ვუსალ კაიბოვი პოლიტიკური ნიშნით დააკავეს. ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, რომ დავიცავთ ყველა ხმას, არ გამოვა ისე, რომ უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში შეძლონ ისეთი არჩევნების ჩატარება, როგორსაც პუტინი ატარებს კადიროვის ჩეჩნეთში. 

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანებაა ის პირობა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ დაცული იყოს თითოეული ქართველის არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ სოციალური პირობები. ევროკავშირი არ არის პოლიტიკური უფლებები, ამას გვიმალავს ყოველდღე პროპაგანდა და ცდილობს, აგვიხსნას, თითქოს, იგივე კახეთის  და აქაური სოფლის მეურნეობის სექტორის რუსეთის ბაზარზე მიბმა იყოს მომგებიანი, თუმცა მათივე მონაცემებით, ექსპორტი 2-ჯერ აღემატება იმპორტის რაოდენობას“,- განაცხადა კოალიციის ერთ-ერთმა წევრმა.

მან კახეთში მიმდინარე რთველზე და ყურძნის ფასზეც ისაუბრა: 

ყურძნის ფასი არის 1 ლარი, რომელსაც ჯერ კიდევ 2012 წელს გვპირდებოდა ივანიშვილი, რომ შეიცვლებოდა. ამ წუთას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 85 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი, რომელიც არა კახელ გლეხებს, არამედ იმ კომპანიებს ხმარდება, რომლებიც ამ ფულს “ქართულო ოცნების“ ყულაბაში აბრუნებენ. ესაა რეალობა და ამის შესაცვლელად კახელებს არავის მოწოდება არ გვჭირდება. 

ერთმა კახელმა, სწორედ ევროპულ წესებს და პრინციპებზე დააფუძნა თავის დროზე ქართული ერი და სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძე მყავს მხედველობაში და სწორედ “ილიას გზა“ დავარქვით ჩვენ საარჩევნო გზასაც. როგორც მან ჩაუყარა საფუძველი პირველი რესპუბლიკის პრინციპებს, ზუსტად ასევე ჩვენი უნდა შევქმნათ ახალი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოსთვის საფუძველი“,- დასძინა მან.

მათივე თქმით, იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი პრობლემებით იყოს დაკავებული, მიხედოს შესყიდვებს , ტენდერებს, კორუფციას, ისინი აკავებენ მათ თანამოაზრეებს და ძალოვან უწყებებს, მათ სასარგებლოდ, პოლიტიკურ ინსტრუმენტებად იყენებენ.

მსგავსი სიახლეები