“რა ფულის გათეთრება, რა ნარკოტიკები“ - თურმანიძის ადვოკატი გიორგი ჩიკვაიძის ბრალდებებს უარყოფს

13.09.24 13:20
“რა ფულის გათეთრება, რა ნარკოტიკები“ - თურმანიძის ადვოკატი გიორგი ჩიკვაიძის ბრალდებებს უარყოფს

ელგუჯა თურმანიძის ადვოკატი, ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის ბრალდებებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ “არანაირი ბიზნესის ახევა არც განიხილებოდა“.

ადვოკატი ირწმუნება, რომ ჩიკვაიძე “დანაშაულებრივი ქმედების შეფუთავს პოლიტიკური სარჩულებით ცდილობს.“

რა ფულის გათეთრება, რა ნარკოტიკები, არანაირი ბიზნესის “ახევა“ არც განიხილება. ელგუჯა თურმანიძეს 20 წელია თავისი ბიზნესი აქვს. ეს არის დანაშაულებრივი ქმედების შეფუთვა, რაღაც სხვა პოლიტიკური სარჩულებით. ნახევარი მილიონი ევრო აქვს წაღებული, რომლის დაბრუნებასაც არ აპირებს“, - განაცხადა ვასილ შაბაშვილმა.

ამასთან, ადვოკატი ამბობს, რომ არ იცის, იცნობენ თუ არა ერთმანეთს თურმანიძე და ალექსანდრე ივანიშვილი და აქვთ თუ არა მათ რამე კავშირი ერთმანეთთან.

“არ ვიცი, ვინ ვის იცნობს საქართველოში, ეს სულ სხვა საკითხია, იცნობს თუ არა საერთოდ, არ ვიცი“,- ამბობს ის.

ბიზნესმენმა, გიორგი ჩიკვაიძემ გადაცემა “რეაქციაში“ სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის მოგზავნილი კაცი ნარკოტიკებს და ფულის გათეთრებას სთავაზობდა.

ჩიკვაიძე, რომელიც 12 წლის განმავლობაში, ივანიშვილის გუნდის მხარდამჭერი  იყო, ამტკიცებს, რომ მისი ტერორი მას შემდეგ დაიწყო, რაც 2022 წელს ანტისახელმწიფოებრივ დავალებაზე უარი თქვა.

ბიზნესმენი ასახელებს კონკრეტულ გვარს - მისი მტკიცებით, შუამავალი "ივანიშვილის ძმის ხელის ბიზნესმენი ელგუჯა თურმანიძე იყო". 

მსგავსი სიახლეები