რატომ არ აპირებს კობახიძე პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე მისვლას? - რას ამბობს "ოცნების" დეპუტატი

13.09.24 17:41
რატომ არ აპირებს კობახიძე პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე მისვლას? - რას ამბობს "ოცნების" დეპუტატი

რატომ არ აპირებს ირაკლი კობახიძე ორბელიანების სასახლეში მისვლას? - "ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ გასულ თვეს, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ოლიმპიური მედალოსნების დაჯილდოების ცერემონიაზე პრეზიდენტი არ მივიდა, შესაბამისად პრემიერის გადაწყვეტილება, არ დაესწროს საჯარო ღონისძიებას, აქედან არის განპირობებული. 

ივანიშვილის გუნდის წევრი, ლევან მაჭავარიანი ეროვნული ნაკრების დახვედრის დროს მომხდარ ინციდენტსაც იხსენებს და ამტკიცებს, რომ ირაკლი კობახიძის სცენაზე გამოსვლის პარალელურად, შეკრებილი მოქალაქეების სტვენა და შეძახილები დაგეგმილი კამპანიის ნაწილი იყო. 

ლევან მაჭავარიანი ირწმუნება, რომ თავისუფლების მოედანზე "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები იყვნენ მობილიზებულები, რომლებიც პრემიერის სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ.

მთავრობამ მოუწყო დახვედრა, სადაც ქალბატონი ზურაბიშვილი მიპატიჟებული იყო. ქალბატონი ზურაბიშვილი იქ არ მისულა და შესაბამისად, ალბათ, ლოგიკურად ვასკვნი, რომ ბატონი კობახიძის ნაბიჯიც მაქედან გამომდინარეობს. რაც შეეხება სტვენას, რომელსაც თქვენ ამბობთ, ის შემთხვევა, რომელიც ვიხილეთ, პირდაპირ კადრები გვიდევს, სადაც დაჯგუფებული იყო სხვადასხვა ლოკაციებზე გადანაწილებული "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების ჯგუფი და ერთმანეთს მოუწოდებდნენ, რომ ახლა დავიწყოთ სტვენა, ახლა დავიწყოთ ღმუილი", - ამბობს ლევან მაჭავარიანი.

პარალიმპიური თამაშების დასრულებამდე, 15 აგვისტოს, საქართველოს მთავრობამ ოლიმპიურ მედალოსნებს დახურულ ღონისძიებაზე უმასპინძლა. დაჯილდოების ცერემონია ცერემონიების სასახლეში (პრეზიდენტის ყოფილი სასახლე) შედგა.

ღონისძიებას არ დაესწრო პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა და დაასახელა ორი მიზეზი, რის გამოც არ სურდა მთავრობის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობა.

პირველ მიზეზად ზურაბიშვილი ასახელებდა იმას, რომ პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატება (7 მედალი და 24-ე ადგილი მსოფლიოში, რაც საქართველოსთვის ისტორიული მაჩვენებელია) სახალხო დღესასწაულია. შესაბამისად, პრეზიდენტი მიიჩნევდა, რომ ის უნდა აღინიშნოს ხალხის მონაწილეობით „და არა სადღაც ჩაკეტილ სივრცეში, სადაც ხალხის გვეშინია”.

მეორე მიზეზად პრეზიდენტმა პარალიმპიელები დაასახელა. მისი თქმით, როცა პარაოლიმპიადა ჯერ არც დაწყებულა, არ არის სწორი ძირითადი ოლიმპიადის პრიზიორების დაჯილდოება. ზურაბიშვილის თქმით, ეს დისკრიმინაციაა და სექტემბერში მის მიერ დაგეგმილ ზეიმზე ყველას ერთად ეპატიჟებოდა.

მსგავსი სიახლეები