მიქანაძე გახარიას პარტიას: ციხის ბუნტის დაწყების დღეს მივლინებაში ვიყავი

13.09.24 19:11
მიქანაძე გახარიას პარტიას: ციხის ბუნტის დაწყების დღეს მივლინებაში ვიყავი

"ბრალდებები აბსურდულია, რადგან ციხის ბუნტის დაწყების დღეს მივლინებაში ვიყავი" - ასე პასუხობს "ქართული ოცნების" დეპუტატი, გივი მიქანაძე პარტია "გახარია საქართველოსთვის" განცხადებას, რომლითაც ყოფილი პრემიერის გუნდი ე.წ. ციხის ამბოხის საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. 

გივი მიქანაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ "გახარია საქართველოსთვის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია მიზანმიმართული დეზინფორმაციაა და სიმართლეს არ შეესაბამება. 

გასული დღეების განმავლობაში გახარიას პარტიის წარმომადგენლების მხრიდან გაჟღერდა გარკვეული ბრალდებები, რომელიც დეზინფორმაციულ ხასიათს ატარებს. პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ აბსოლუტურად არასერიოზული იქნება ჩემი მხრიდან, კომენტარი გავაკეთო ჭორიკანა პოლიტიკოსებზე, რომლებიც მოღალატე გახარიას მიეკედლნენ და ცდილობენ სრულიად აბსურდული ინფორმაციის გავრცელებას. მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი საზოგადოების მიმართ მაქვს უდიდესი პატივისცემა და არ მინდა, რომ საზოგადოება შეცდომაში იყოს შეყვანილი, მსურს გავაკეთო საზოგადოებისთვის განცხადება იმის თაობაზე, რომ მე არასოდეს დამიმალავს, რომ 2005 წლის ოქტომბრიდან 2008 წლის იანვრამდე ვიყავი იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თუმცა, სრულიად დეზინფორმაციულია და სიმართლეს არ შეესაბამება არაერთი განცხადება, რომლებიც წლების განმავლობაში ისმის სხვადასხვა დროს, რომ თითქოს, მე ვიყავი ზურაბ ადეიშვილის მოადგილე. არასოდეს ზურაბ ადეიშვილის მოადგილე მე არ ვყოფილვარ და ეს მარტივი გადასამოწმებელია. აქაც ჩანს ამ ადამიანების დესტრუქციული და მიზანმიმართული კამპანიის კომპონენტი, რომელსაც ცდილობენ, რომ საზოგადოებაში მიზანმიმართულად გაავრცელონ.

მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ არასოდეს ვყოფილვარ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. როდესაც შემომთავაზეს იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოზიცია, მაგ დროს ვმუშაობდი საერთაშორისო ორგანიზაციაში, იქიდან გადავედი და ჩემი ერთ-ერთი მიმართულება და საქმიანობა უკავშირდებოდა პენიტენციურ სისტემაში პატიმართა რესოციალიზაციას - ეს მინდა ხაზგასმით აღვნიშნო. რაც შეეხება ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ბუნტთან დაკავშირებით თურმე მე ვიღებდი რაღაც გადაწყვეტილებებს, აბსურდულია, მარტო იმიტომ, რომ ბუნტის დაწყების დღეს, ელემენტარულად მე ვიყავი მივლინებაში და ამის შესახებ არსებობს მინისტრის მიერ ოფიციალურად გამოცემული ბრძანება.

ამიტომ, ამ ჭორიკანა პოლიტიკოსებს მოვუწოდებ, აუცილებლად შეიტანონ რაც მოფიქრებული აქვთ, უსაფუძვლო და სრულიად აბსურდული დოკუმენტი პროკურატურაში. თვითონვე იციან, რომ ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს, მაგრამ, მათი ერთადერთი მიზანია, რომ მმართველ გუნდს როგორღაც ტალახი ესროლონ.

შესაბამისად, ამ შემთხვევაში, იმდენად დისკრედიტირებული არიან, იმდენად არაფერი აქვთ სათქმელი საზოგადოებისთვის, რომ ცდილობენ, რაღაც აბსურდული თეორიების შექმნას და ამით საზოგადოების მოტყუებას. მე მზად ვარ სამართალდამცავ ორგანოებთან ვითანამშრომლო, აბსოლუტურად პასუხისმგებელი ვარ ნებისმიერი ჩემს გადაწყვეტილებაზე და ნაბიჯზე. კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო, რომ ჭორიკანა პოლიტიკოსების განცხადებას არ ვეხმაურები, პატივს ვცემ ჩვენს საზოგადოებას და არ მინდა, რომ საზოგადოებაში ცრუ ინფორმაცია იყოს გავრცელებული", - წერს მიქანაძე.

გახარიას გუნდი პროკურატურას მოუწოდებს, დაიწყოს გამოძიება „ქართული ოცნების” დეპუტატის, გივი მიქანაძის წინააღმდეგ.

პარტია „საქართველოსთვის” წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე 2006 წლის 27 მარტს სასჯელაღსრულების მე-5 დაწესებულებაში მომხდარ ციხის ბუნტზე ისაუბრა.

  • 2006 წელს პატიმრების ამბოხების შემდეგ #5 ციხეში კონტროლის დასამყარებლად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილებით სპეცოპერაცია ჩატარდა. შედეგად 7 პატიმარი გარდაიცვალა, ხოლო 22 პატიმარი დაშავდა.

"ქართული ოცნების" ყოფილი წევრი ამბობს, რომ  მაშინ სასჯელაღსრულების მინისტრი ბაჩო ახალაია იყო, ხოლო გივი მიქანაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა და სასჯელაღსრულების სისტემას კურირებდა.

„ლეგიტიმურია ვივარაუდოთ, რომ გივი მიქანაძე იმ დროს ციხეში განვითარებული მოვლენების საქმის კურსში იყო და გადაწყვეტილებები მასთან თანხმდებოდა” - ამბობენ გიორგი გახარიას გუნდში. 

მსგავსი სიახლეები