ბექაური ამბობს, რომ პრეზიდენტის პოლიტიკურ შეხედულებებს ემიჯნება - "უფრო ღირსეული პრეზიდენტი უნდა გვყავდეს"
"მე სრულიად ვემიჯნები სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს და ვფიქრობ, რომ ჩემს სამშობლოს უნდა ჰყავდეს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი" - ამის შესახებ ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა პრეზიდენტის მიერ ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოვების შემდეგ მედიასთან განაცხადა.
ლაშა ბექაურის თქმით, პრეზიდენტის მიერ გადაცემული ორდენი ქართველი ხალხისგან მიღებული ჯილდოა.
ვფიქრობ, რომ ეს ჯილდო არის ჩემი ხალხისგან. აქ იმიტომ ვარ, რომ ჩემთვის პრეზიდენტის ინსტიტუტი ძალიან დასაფასებელია. რაც შეეხება ქალბატონ სალომეს, მე სრულიად ვემიჯნები მის პოლიტიკურ შეხედულებებს და ვფიქრობ, რომ ჩემ სამშობლოს უნდა ჰყავდეს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი”,- განაცხადა ლაშა ბექაურმა.