ხმაური საარჩევნო უბნებზე - ისნისა და მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიებში ტრენინგებზე ოპოზიციონერი წევრები არ შეუშვეს

14.09.24 13:41
ხმაური საარჩევნო უბნებზე - ისნისა და მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიებში ტრენინგებზე ოპოზიციონერი წევრები არ შეუშვეს

დილიდან საარჩევნო უბნებზე ხმაური და დაპირისპირებაა. ისნის N-5 საოლქო საარჩევნო უბანზე და მთაწმინდის N-1 საოლქო საარჩევნო უბანზე თავმჯდომარემ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და კომისიის წევრები სპეციალურ ტრენინგზე არ შეუშვა.

ცესკოს ტრენინგ ცენტის მიერ დაგეგმილ სემინარზე, სადაც კომისიის წევრებს უნდა ასწავლონ, თუ როგორ ჩატარდეს არჩევნები ელექტრონული წესით, ოპოზიციონერ წევრებს კარი გაუგებარი მიზეზების გამო დაუხურეს. 

გამოგვაძევეს. არ მოგვცეს ტრენინგზე დასწრების უფლება. მას შემდეგ დაურეკა დაცვის სამსახურის თანამშრომელს და უთხრა, რომ სანამ ტრენინგი არ დასრულდებოდა, არ შეეშვათ შენობაში არავინ.

ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ გამჭვირვალობა არ არის არც ამ საოლქოში და არც სხვა საოლქოებში და შესაბამისად, არ გვაძლევენ საშუალებას, რომ დავაკვირდეთ იმას, რა ისწავლება რეალურად ამ ტრენინგებზე", - ამბობს მოქალაქე.

კომისიის ოპოზიციონერი წევრები საარჩევნო უბნის თავმჯდომარისგან ითხოვდნენ განმარტებებს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ დაუშევს მოქალაქეები იმ ტრენინგზე, სადაც დასწრების უფლებას კანონი ანიჭებდათ. 

 ცესკოს შესაბამისი აკრედიტაციის მქონე პირებს უჩნდებათ საფუძვლიანი ეჭვები, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია და "ქართული ოცნება" 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება.

"ეჭვი გვაქვს, რომ ასწავლიან ხრიკებს, თუ როგორ გააყალბონ არჩევნები" - ამბობს ტრენინგზე დასწრების მსურველი. 

ეჭვი გვაქვს, რომ ასწავლიან რაღაც ხრიკებს, თუ როგორ გააყალბონ არჩევნები. ამ აპარატურას აქვს ხარვეზი, ეს ხარვეზი დაფიქსირდა ჩვენი ტრენინგის დროს, რამდენჯერმე გაჭედა აპარატურმა და თავადაც ძალიან დაიბნენ ამ დროს. ამიტომ, საფუძვლიანი ეჭვი გაგვიჩნდა, რომ ამ ფორმით გააყალბონ ეს არჩევნები", - ამბობს მოქალაქე.

ოპოციური პარტიების წარმომადგენლები თავმჯდომარის გადაწყვეტილებას "არაკანონიერს" უწოდებენ და "პირველებთან" აცხადებენ, რომ "არასამართლიანი გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება".

გვითხრეს, რომ არ შეიძლება აქ შესვლა, რადგან ეს არის პირადად ტრენერის ვალდებულება, გადაწყვიტოს ვინ იქნება შიგნით და ვინ არ იქნება. შესაბამისად, მოგვიწია გარეთ გამოსვლა. ვფიქრობთ, რომ ეს არის არასამართლიანი, არაკანონიერი, რადგან კანონი ჩვენ იმის უფლებას გვაძლევს, რომ ვიმყოფებოდეთ შიგნით. გადაწყვეტილებასთან ერთად, შეიძლება ყოფილიყო კონკრეტული დავალება, რომელიც მოდის ზემდგომი პირებიდან. ამას სჭირდება დაკვირვება და გამოძიება. ჩვენი წარმომადგენლები საჩივარს წერენ და ამ ფაქტს აუცილებლად გავასაჩივრებთ", - ამბობს მოქალაქე.

სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრებით დგინდება, რომ ისნის N-5 საოლქო საარჩევნო უბნის თავმჯდომარე, ფიქრია ნიკოლაშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ტრენინგის ჩატარებისთვის გამოყოფილი სივრციდან აგდებს. 

არ წერია, რომ თქვენ გაქვთ დასწრების უფლება. დამკვირვებლების და წარმომადგენლების უფლებები არის განსაზღვრული საარჩევნო კოდექსში. თქვენ გინდათ ისაუბროთ, თუ როგორ ჩაშლით ტრენინგს. ეს არ არის პარტიის ოფისი. მიბრძანდით. ეს არ არის თანამშრომლობა. არ დამესწრები. ტრენინგზე დასწრების უფლება არ გაქვთ. თუ ვცდები, მიჩივლე", - ისმის ვიდეოში.

ანალოგიური ვითარება იყო მთაწმინდის N-1 საოლქო საარჩევნო უბანზე, თუმცა ადგილზე "პირველების" კამერის გამოჩენის შემდეგ, თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებისთვის და კომისიის სხვა წევრებისთვის მიეცათ შესაძლებლობა, რომ ტრენინგს დასწრებოდნენ.

არსებობდა პრეცედენტები ტრენინგის ჩაშლის მცდელობის, შესაბამისად, ეს რომ აგვერიდებინა თავიდან, ამასთან დაკავშირებით იყო უთანხმოება. როდესაც ყველაფერი გაირკვა, უპრობლემოდ მიეცათ საშუალება, რომ დასწრებოდნენ ტრენინგს", - ამბობს მთაწმინსი N-1 საოლქო საარჩევნო უბანის თავმჯდომარე.

მსგავსი სიახლეები