გორში მყოფ ბიძინა ივანიშვილს საოკუპაციო რეჟიმზე არაფერი უთქვამს
არც ერთი სიტყვა რუსეთზე, პუტინზე, რუს ოკუპანტებზე - „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი გორში იმყოფება, ქალაქში, რომელმაც პუტინის აგრესია საკუთარ თავზე გამოსცადა.
ივანიშვილს სიტყვით გამოსვლისას დღეს ერთ სიტყვაც კი არ უთქვამს, იმ ძალაზე ვინც ქართველებს იტაცებს ცხინვალის ციხეში აგდებს, აწამებს და კლავს.
დღეს "ქართული ოცნების" დამფუძნებელი იდგა საოკუპაციო ხაზთან ყველაზე ახლოს და ხმა არ ამოუღია ტატუნაშვილის მკვლელებზე, ხმა არ ამოუღია საოკუპაციო ხაზთან, ლომისის ეკლესიის ეზოში მოკლულ გინყტურიზე.
სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ მოქმედ ხელისუფლებას რუსეთთან პრინციპული, მაგრამ კორექტული პოზიცია აქვს.
სიტყვით გამოსვლისას "ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ "ყოფილი ხელისუფლება" ომის დაწყებაში დაადანაშაულა.
დღესაც, 12 წლის შემდეგ, კვლავ აქ ვდგავარ და სამწუხაროდ, ისევ იმ გამოუსწორებელ შედეგებზე მიწევს ლაპარაკი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარ ქვეყანას დაატეხა თავს. იმ ავბედითი მოვლენებიდან უკვე 16 წელი გავიდა, თუმცა, მაშინ მოყენებული ჭრილობა ჩვენმა ქვეყანამ ჯერ კიდევ ვერ მოიშუშა. თქვენ საკუთარ თავზე ყველაზე მძაფრად გამოსცადეთ, სადამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა ხელისუფლების ღალატმა – ისტორიული რეგიონების ოკუპაცია, საკუთარ სამშობლოში დევნილად ქცეული ათობით ათასი ადამიანი და ასობით ქართველის შეწირული სიცოცხლე – ეს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მემკვიდრეობაა.
საკუთარი სამშობლოსა და ხალხის წინაშე ისეთი დანაშაულის ჩამდენ ძალას, რომელიც დღესაც ქვეყანას ომისკენ ექაჩება, ძალაუფლების დაბრუნების თეორიული შესაძლებლობაც კი არ უნდა ჰქონდეს. სწორედ ამიტომ, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, ჩვენ დავიწყებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც „ნაციონალური მოძრაობა“და მისი სატელიტი მემკვიდრე პარტიები არაკონსტიტუციურად გამოცხადდება. ეს ადამიანები უმკაცრესად უნდა გასამართლდნენ ყველა იმ უმძიმესი დანაშაულისთვის, რომელიც მათ ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩაიდინეს, განსაკუთრებით კი 2008 წელს ჩადენილი უმძიმესი ღალატისთვის;- თქვა ივანიშვილმა.