ივანიშვილი გორში: თქვენ იცით, რუსეთთან აღდგენილმა ვაჭრობამ რამხელა სარგებელი მოუტანა ხალხს

14.09.24 19:24
ივანიშვილი გორში: თქვენ იცით, რუსეთთან აღდგენილმა ვაჭრობამ რამხელა სარგებელი მოუტანა ხალხს

"მე დაგპირდით, რომ ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებდა მეზობლებთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის და დღეს თქვენ ყველაზე უკეთ იცით, აღდგენილმა სავაჭრო ურთიერთობებმა რამდენად მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა აქაურ მოსახლეობას" - ამის შესახებ ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე გორში განაცხადა. 

მისი თქმით,  "ქართული ოცნება" რუსეთთან პრინციპულ, მაგრამ კორექტულ პოზიციას იჭერს. 

წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, რომელმაც ტრადიციული ბაზრები გააქრო და ალტერნატიული ვერ მოიძია, ჩვენ მოვახერხეთ და ქართული პროდუქცია დავაბრუნეთ რუსეთის ბაზარზე, პარალელურად კი ახალი ბაზრებიც ავითვისეთ. დღეს ევროკავშირში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩინეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში წარმატებით იყიდება ქართული ღვინო, ხილი და მრავალი სხვა აგრარული პროდუქტი.

12 წლის წინ, თქვენ წინაშე გამოსვლისას ხაზგასმით ვთქვი, რომ ევროინტეგრაცია ჩვენი სტრატეგიული არჩევანი იყო, თუმცა, მეზობლებს ვერ ავარჩევდით და ამიტომ, ევროინტეგრაციის პარალელურად, რუსეთთან პრინციპული, მაგრამ კორექტული პოზიცია უნდა დაგვეჭირა! მე დაგპირდით, რომ ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებდა მეზობლებთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის და დღეს თქვენ ყველაზე უკეთ იცით, აღდგენილმა სავაჭრო ურთიერთობებმა რამდენად მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა აქაურ მოსახლეობას. ეს კი იმის პარალელურად, რომ ქართველ ხალხთან ერთად, სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ მოიპოვა ევროპასთან უვიზოდ მიმოსვლის უფლება,გააფორმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. დღეს ჩვენი ქვეყანა არა უსიტყვო მორჩილებით, არამედ ღირსებითა და საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვით აგრძელებს ევროინტეგრაციის პროცესს!

მსგავსი სიახლეები