მამუკა ხაზარაძე - ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო გეგმა, ეს არის "ქართული ოცნების" მიერ გამქრალი 200 000 სამუშაო ადგილის შექმნა

14.09.24 20:39
მამუკა ხაზარაძე - ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო გეგმა, ეს არის "ქართული ოცნების" მიერ გამქრალი 200 000 სამუშაო ადგილის შექმნა

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე, გლდანში მოსახლეობას შეხვდა - მისი თქმით, „ძლიერ საქართველოს“ აქვს მკაფიო გეგმა, რომელიც ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნას, მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და 1000-ლარიან პენსიას მოიცავს.

  • "ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო გეგმა და დამერწმუნეთ, ჩემი წინა ცხოვრების გამოცდილებით და ჩემი მეგობრების გამოცდილებით, ეს არ არის წინასაარჩევნო დანაპირები, ეს არის კონკრეტული გეგმა, რომელზეც ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას. ეს არის "ქართული ოცნების" მიერ გამქრალი 200 000 სამუშაო ადგილის შექმნა. როგორ შევქმნით ამას? ამას შევქმნით საქართველოსთვის ფუნქციის დაბრუნებით! საქართველო უნდა გახდეს ლიდერი რეგიონში და ლიდერს სჭირდება ფუნქცია-ჩვენი ფუნქცია არის, რომ ჩვენ ვიყოთ კავკასიის კარიბჭე მთელი მსოფლიოს მასშტაბით!" - თქვა მამუკა ხაზარაძემ. 

ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ვიყო თქვენ წინაშე ჩემს მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად. ყველა საქმეს სჭირდება რაღაც საწყისი და ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც ჩვენ ისტორიულად ვუშვებთ არის ის, რომ ადამიანებს ჰგონიათ მათგან იწყება ისტორია და ახლა იწყება რაღაც ახალი ფურცელი. ჩვენ თუ გავწყვიტეთ ყველაზე დიდი კავშირი ჩვენს წინაპრებთან, ჩვენ უბრალოდ წინ ვერ წავალთ.

ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ და ეს არის ძალიან სწორი გადაწყვეტილება, რომ კოალიცია, რომელიც ჩვენ შევქმენით და, რომელსაც ჰქვია "ძლიერი საქართველო", გავაგრძელოთ ის გზა, რომლის ავტორი მოკლეს 117 წლის წინ, მაგრამ ვერ მოკლეს მისი იდეა- ეს არის "ილიას გზა". დიახ, სწორედ "ილიას გზით" უნდა უნდა ვიაროთ ჩვენ იმიტომ, რომ ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ ეკონომიკაზე, პენსიებზე, მაგრამ ჩვენი სულიერი მდგომარეობა, ჩვენი ქართველობა, ჩვენი ტრადიცია, ჩვენი ინტეგრირება, რომ ჩვენი სახით შევიდეთ ევროპაში, ჩვენი ფერი შევიტანოთ იმ ძალიან დიდ გაერთიანებაში, აი, ეს არის პირველ რიგში ჩვენი გადასარჩენი, ამიტომ, "ილიას გზა" და "ილიას გეგმა" არის "ძლიერი საქართველოს" სამოქმედო პროგრამა.

რაც შეეხება ჩვენს გეგმას, ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო გეგმა და დამერწმუნეთ, ჩემი წინა ცხოვრების გამოცდილებით და ჩემი მეგობრების გამოცდილებით , ეს არ არის წინასაარჩევნო დანაპირები, ეს არის კონკრეტული გეგმა, რომელზეც ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას. ეს არის "ქართული ოცნების" მიერ გამქრალი 200 000 სამუშაო ადგილის შექმნა. როგორ შევქმნით ამას? ამას შევქმნით საქართველოსთვის ფუნქციის დაბრუნებით! საქართველო უნდა გახდეს ლიდერი რეგიონში და ლიდერს სჭირდება ფუნქცია-ჩვენი ფუნქცია არის, რომ ჩვენ ვიყოთ კავკასიის კარიბჭე მთელი მსოფლიოს მასშტაბით! ეს არის ანაკლიის პორტია მშენებლობა, ეს არის "ქალაქ ანაკლიის" მშენებლობა და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა, რომლებსაც ჩვენ უახლოეს წლებში ავაშენებთ. ვიცით როგორ გავაკეთოთ, ვიცით როგორ მოვიზიდოთ დასავლური ინვესტიციები და ჩინურიც ახლა რომ სპეკულაცია მიდის.

ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ მთელი მსოფლიოდან მოვიზიდოთ ფინანსები, რათა, რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას საქართველოში. 1000-ლარიანი პენსია - როცა ჩვენ ეს პროგრამა წარვადგინეთ გვითხრეს, არა, ეს როგორ შეიძლება?! რა თქმა უნდა, ამ ბიუჯეტით, ამ მიდგომით და მენეჯმენტით, იმ ხალხით, რომლებიც თქვენს გადასახადებს ჯიბეში იდებენ და შავი ჯიპებით დადიან, მე არავის წინააღმდეგი არ ვარ, ნეტავ, ყველამ კარგი მანქანით იაროს, მაგრამ, როცა ქვეყანა გაღარიბებულია, როცა ქვეყანას ჩვენი ახალგაზრდები ტოვებენ, როცა ამხელა ემიგრაცია გვაქვს, ხალხი შიმშილობს, ამდენი დაუსაქმებელია ადამიანია და ამ დროს თქვენი ბიუჯეტის ხარჯზე ადამიანების გარკვეული ჯგუფი კარგად ცხოვრობს და ზღაპრებს გვიყვება- ეს უნდა დამთავრდეს! პირველივე დღეებიდან ჩვენ გავაკეთებთ მძლავრ რეფორმას, სამართლიან რეფორმას, სადაც ჩვენ პირველივე დღეებიდან პენსიონერებზე ზრუნვას. რას ნიშნავს ეს? თქვენ ყველა დაინახავთ, რომ ეს თანხები საიდანღაც მოტანილი კი არ არის, არამედ ეს იქნება კორუფციიდან ამოღებული თანხები, რაც ყველაზე მთავარია, კაზინოების სამართლიანი დაბეგვრით ამოღებული თანხები უნდა დაუბრუნდეს პენსიონერებს, უნდა ჩაიდოს ეს ფული განათლებაში და ჩვენ ამ პროგრამას აუცილებლად გავაკეთებთ. იმიტომ გავაკეთებთ, რომ პენსიონერისთვის გადახდილი ის მინიმუმი 1000 ლარიც მინიმუმია, მაგრამ დიდი განსხვავებაა დღევანდელთან შედარებით, ეს ნიშნავს იმას რომ ჩვენ ამ ბიუჯეტს და ამ ეკონომიკას გავაორმაგებთ უახლოესი წლების განმავლობაში.

ეს არის ჩვენი კონკრეტული გეგმა, გათვლებზე დაყრდნობილი და ამას გავაკეთებთ. რუსული გავლენისგან საქართველოს დაცვა - ვიღაცას უნდა რომ ეს ჩვენი ნარატივი გადაიყვანოს, რომ თითქოს ვიღაცას ომი უნდა, ვიღაცას დაპირისპირება უნდა, მე მგონი, ვისაც ესმის და ვინც აანალიზებს , კარგად ესმის ის საფრთხე, რისკენაც მიგვაქანებს ქართული ოცნება, ქართული ოცნება მიგვაქანებს რუსეთისკენ, იმ ქვეყნისკენ, რომელიც აგრესორია. კითხვა ომი გინდა თუ მშვიდობა , აი სწორედ ქართული ოცნება მიგვაქანებს ჩვენ იმ ქვეყანაში, რომელიც ომს აწარმოებს დღეს უკრაინაში, ომი ჰქონდა 2008 წელს, ომი ჰქონდა 90-იან წლებში, ამიტომ, ეს შეტრიალებული ამბავი არის "კაგებეშნიკური" პროპაგანდა. მშვიდობა გვინდა ჩვენ ყველას და მშვიდობა კიდევ ნიშნავს ეკონომიკურ სიძლიერეს, დაბალანსებულ პოლიტიკას, ევროკავშირთან სწრაფ ინტეგრირებას, პარტნიორების აქ შემოყვანას , რომ ვერავინ ხელი ვერ დაგვაკაროს და უბოდიშოდ და უბატონოდ ხმა ვერ გაგვცეს. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიულად პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენ ვართ დიდი ერი დიდი წარსულით, დიდი მომავლით, ამიტომ, ეს პროპაგანდა მათ არ გაუვათ. მე მინდა გითხრათ, რომ დარწმუნებული ვარ მისმენენ ქართული ოცნების მომხრეები, რომლებიც 12 წლის განმავლობაში იკვებებიან ტყუილებით , არცერთი დანაპირები, რომელიც მათ გააჟღერეს და ბიძინა ივანიშვილი დღეს შუშის კაბინით დადის, ალბათ მართლა წყლის ჩასხმაა საჭირო, არცერთი დანაპირები არ არის შესრულებული.

"ქართული ოცნების" ამომრჩეველს, დღეს თუ კიდევ ვინმე ფიქრობს მათ ხმა მისცეს, მინდა თავის თავს და ოჯახის წევრებს კითხვა დაუსვას, კიდევ გინდათ ასეთი მატყუარა ხელისუფლების ქვეშ ყოფნა, ასეთ მდგომარეობაში იყოს ჩვენი ქვეყანა? ჩვენი ქვეყანა არ იმსახურებს ამ მდგომარეობაში ყოფნას და თითოეულ თქვენგანს, ჩვენ, შეგვიძლია ეს ამბავი შევცვალოთ 26 ივნისს, 26 ოქტომბერს, უკაცრავად. 26 ივნისს განახლდება ჩვენი ევროკავშირთან ინტეგრირების დოკუმენტი და შევუერთდებით ჩვენ ამას. შემთხვევით არ წამომცდა ეს ციფრი. ჩვენი ქვეყანა სპეციალურად ჩაფლულია ნარკოდანაშაულში. მე მახსენდება 90-იანი წლები, როგორც კი საქართველომ დაიწყო დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი, როცა ხალხმა გამოიღვიძა, იმ წუთში დაიწყო უამრავი ნარკოტიკის შემოყრა და ჩემ გარშემო, ჩემ უბანში, ქუჩაზე, სკოლაში, უმაღლეს სასწავლებელში მეგობრებს ვკარგავდი თითქმის ყოველ კვირას ანალოგიური სიტუაციაა ახლა, იმიტომ, რომ ეს არჩევანი, რომელსაც ქართველი ხალხი აკეთებს არის თავისუფლებისთვის არჩევანი, ეს არჩევანი არის ჩვენი მეგობრების არჩევანი და არა რუსეთის, ამიტომ, პირველი, ის 9 პუნქტი, რომელიც ჩვენს ვთქვით, რომ უნდა შევასუსტოთ რუსული გავლენა საქართველოში, რომ ამ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებმა თქვენი ადგილი არ დაიკავონ და ქართული მიწა არ იყიდონ, იმიტომ რომ 20% მითვისებული აქვთ და ამავე დროს ავკრძალოთ ყველა ის ტრანზიტი, ყველა ის "ბარიგა" , რომელიც ჩვენს შვილებს კლავს და მომავალს უნადგურებს. ამ საკითხში ჩვენ ვართ უკომპრომისოები, იმიტომ რომ ეხება ჩვენს მომავალს, ჩვენს გენოფონდს და ჩვენს მომავალ თაობას. მე მინდა კიდევ ერთხელ მივესალმო ჩემს მეგობრებს, "ძლიერი საქართველო" იქნება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც დააკომპლექტებს საქართველოს მთავრობას და, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას, რომ ამ ორი პარტიის 20-წლიანი ხილვა ხელისუფლებაში აღარ დავუშვათ."- თქვა მან.

მსგავსი სიახლეები