ექსკლუზივი: მოპოვებულია შიდა მიმოწერები - როგორ ავალებენ "ოცნების" მაღალჩინოსნებს ბიძინა ივანიშვილის ქებას
"ნოდარ მელაძის შაბათის" ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება - მოპოვებულია "ქართული ოცნების" შიდა მიმოწერები.
მმართველი პარტიიდან ათასობით მეილმა გამოჟონა, საიდანაც დგინდება, როგორ ავალებენ "ქართული ოცნების" დეპუტატებს, მინისტრებს თუ საკრებულოს წევრებს, ბიძინა ივანიშვილის ქებას.
დღეს "შაბათის ეთერი" ასაჯაროებს წერილების მხოლოდ იმ ნაწილს, სადაც ბიძინა ივანიშვილის ქების დირექტივაა გაცემული.
მტკიცებულებებით დადასტურებულია, როგორ სთხოვენ მინიმუმ ორ პრემიერ მინისტრს, გიორგი გახარიასა და მამუკა ბახტაძეს, ასევე საქართველოს მინისტრთა კაბინეტის უკლებლივ ყველა წევრს, ავალებენ ბიძინა ივანიშვილისა და ბერა ივანიშვილის ქებას.
ასე მაგალითად: "ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ სახელმწიფოებრივი აზროვნების, საკუთარ ქვეყანაზე ზრუნვისა და უანგარო ქველმოქმედების ნათელი მაგალითია" - ივანიშვილის ინტერვიუს ამ სიტყვებით შეფასების დავალება, პარტია "ქართული ოცნების" ელექტრონული ფოსტიდან inform.ge @gmail.com პრემიერ გიორგი გახარიას, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, თავდაცვის მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს, სუსის უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს, სხვა მინისტრებსა და საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ დეპუტატებს, 2019 წლის 11 ნოემბერს, შუადღით 1 საათზე და 39 წუთზე გადაეგზავნათ. მთელმა სახელისუფლებო შტომ მიიღო დავალება, ვინც კი კამერების წინ გამოჩნდებოდა, ბიძინა ივანიშვილი, გამოცემა "ანტრეპრენერისთვის" მიცემული ინტერვიუ გამო უნდა ექოთ.
ვის რა უნდა ეთქვა - ფრაზები წინასწარ იყო დაწერილი. ივანიშვილი უნდა მოეხსენიებინათ როგორც "თავმდაბალი და გულწრფელი" ადამიანი. უნდა ეთქვათ, რომ მას საქართველოში ბიზნესი ფულის კეთებისთვის არასდროს უკეთებია, უნდა ექოთ ოლიგარქის ოჯახიც, ეთქვათ რომ სახელმწიფოს დახმარება, მათი ცხოვრების დევიზია. არ უნდა დავიწყებოდათ იმის თქმა, რომ ოლიგარქის პროექტები საშვილიშვილოა.
"შაბათის ეთერის" მოპოვებული ინფორმაციით, ივანიშვილის ქების გზავნილები ირაკლი კობახიძის კონტროლით იწერებოდა.
გიორგი გახარიას პარტიის მესიჯბოქსები inform.ge-დან, შინაგან საქმეთა მინისტრობის დროსაც ეგზავნებოდა და პრემიერად მუშაობის პერიოდშიც. ამ ფაქტს შაბათის ეთერს თავად უდასტურებს.
ექსპრემიერი ამბობს, რომ არ იცის, ვინ იყო ამ გზავნილების ავტორი, თუმცა უხილავი ხელის არსებობას და მიღებულ დავალებებს არ უარყოფს.
ქვეყნის მთავრობის ყოფილი მეთაური და ნომერ პირველი პოლიციელი არ არის ერთადერთი, ვინც ინფორმჯის დავალებების ნამდვილობას ადასტურებს.
თამარ ჩუგოშვილი ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც inform.ge შეტყობინებებს უგზავნიდა. მაშინ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე იყო. მმართველი გუნდის უკვე ყოფილმა წევრმა არ იცის, ვინ აკეთებდა ამას ტექნიკურად, მაგრამ შინაარსში რომ ახლანდელი პრემიერიც მონაწილეობდა, არ გამორიცხავს.
შაბათის ეთერს მსგავსი დავალებების არაერთი მტკიცებულება აქვს, დადასტურებულია ისიც, რომ თუ ივანიშვილს მისთვის მიძღვნილი ქება არ მოეწონებოდა, ადრესატებს შესწორებულ ტექსტებს ასევე მეილით უგზავნიდნენ.