როგორ აღმოჩნდა არწივის ხეობის ტერიტორია ღარიბაშვილის ახლო მეგობრის ხელში? - რა კითხვები არსებობს

14.09.24 22:10
როგორ აღმოჩნდა არწივის ხეობის ტერიტორია ღარიბაშვილის ახლო მეგობრის ხელში? - რა კითხვები არსებობს

როგორ აღმოჩნდა არწივის ხეობის ტერიტორია ღარიბაშვილის ახლო მეგობრის ხელში? - არის თუ არა მთის წვერის რეალური მფლობელი ირაკლი ღარიბაშვილის ცოლი, ნუნუკა თამაზაშვილი. 

ირკვევა, რომ  მიწა, საიდანაც მთელი კახეთი  ხელის გულივით ჩანს,  ქონების ეროვნულმა სააგენტომ  გაყიდა. დედოფლისწყაროდან ორ კილომეტრში, კლდოვანი ფერდობებით გარშემორტყმული არწივის მთა- 5413 კვადრატული მეტრი მიწა ახლა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი მაღალჩინოსნის,  ნინო კობახიძის  საკუთრებაა.  

"შაბათის ეთერის" ხელშია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს უფროსის მიერ ხელმოწერილი ბრძანება. დგინდება, რომ ტერიტორია  ქონების ეროვნულ სააგენტოს აღრიცხული წლების განმავლობაში არ ჰქონდა. უწყება მიწით მხოლოდ 2020 წლის 6 თებერვალს დაინტერესდა და საკადასტრო კოდი მიანიჭა.

ქონების ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანებით, მიწა აუქციონზე გასაყიდად სასწრაფოდ  გაიტანეს. 2020 წლის 30 მარტს დედოფლის წყაროში ტერიტორია უნიკალური ხედებით ნინო კობახიძეს ჩალის ფასად, კვადრატული მეტრი, 2 ლარად და 67 თეთრად მიჰყიდეს. 

ნუნუ თამაზაშვილის ახლო მეგობარი ამტკიცებს, რომ ექსპრემიერის მშობლიურ სოფელში,  არწივის ხეობაში მთას მოგზაურობისას იპოვა. მიწა იმდენად მოეწონა, რომ ყიდვის და სასტუმროს აშენების სურვილი გაუჩნდა. 

წყარო შაბათის ეთერს უყვება, რომ არწივის უნიკალურ ხეობაში მდებარე  ტერიტორია რეალურად ყოფილი პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის საკუთრებაა.  ნინო კობახიძეს ღარიბაშვილები ენდობიან, ამიტომ ქონება ოჯახის ახლობელზე ფიქტიურად გააფორმეს. 

კობახიძე გვიმტკიცებს, რომ ექსპრემიერის ოჯახს სახელმწიფო ქონების ყიდვასთან კავშირი არ აქვს - მისი პარტნიორი მთის შუაგულში აშენებული სახლის მფლობელი თავაძეა. თუმცა კობახიძე ვერ გვეუბნება, ვინ მიასწავლა არწივის მთაზე მიწა, ან საიდან იცნობს კაცს, რომელთან ერთადაც სასტუმროების ბიზნესის დაწყებას გეგმავს. 

ნინო კობახიძეს 5413 კვადრატული მეტრი მიწა 14 ათას 500 ლარად  იმ პირობით მიჰყიდეს, რომ  36 თვის განმავლობაში ტერიტორიაზე რეკრეაციული და მრავალწლიანი ნარგავები უნდა შემოეღობა და სავალი ბილიკები მოეწყო.  მთაზე მიწის ყიდვიდან 4 წელი გავიდა. ტერიტორია კვლავ მიუვალია და არც მრავალწლიანი ნარგავების შემოღობვაზე უზრუნია ვინმეს. 
 

მსგავსი სიახლეები