"ოლიგარქმა სულში ჩააფურთხა გმირებს" - "დაფიონმა" 19:00 საათზე პარლამენტთან აქცია დააანონსა
რუსების მაამებელი განცხადების გამო თბილისში და რამდენიმე რეგიონში აქცია დაიგეგმა. ახალგაზრდული მოძრაობა "დაფიონი" პარლამენტის წინ 19:00 საათზე შეკრებას გეგმავს. სტუდენდები აცხადებენ, რომ ქართველი ჯარისკაცები ბიძინა ივანიშვილმა ტერორისტებს შეადარა და ოსი ხალხის გენოციდში დასდო ბრალი.
ჩვენმა კოლაბორანტმა ოლიგარქმა სულში ჩააფურთხა ჩვენს დაღუპულ გმირებს, რომლებიც იბრძოდნენ საქართველოს სუვერენიტეტისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის და ამასთან ერთად, შეურაცხყოფა მიაყენა იმ ცოცხალ ვეტერანებს, ცოცხალ გმირებს, რომლებმაც თავისი ჯანმრთელობა, სიცოცხლე და ყველაფერი სასწორზე დადეს თავიანთი სამშობლოსთვის. შეუძლებელი იყო დავრჩენილიყავით სახლებში და ამაზე რეაგირება არ გვქონოდა, ამაზე პროტესტი არ დაწყებულიყო. ასე რომ, აუცილებელია, ყველა გამოვიდეს. ეს რაიმე კონკრეტული ჯგუფის პროტესტი არ იქნება, ეს არის ღირსეული საზოგადოების, ღირსეული ერის პროტესტი, - ამბობს „დაფიონის“ დამფუძნებელი ზვიად ცეცხლაძე.
ბიძინა ივანიშვილმა გუშინ თქვა, რომ არჩევნების შემდეგ აგვისტოს ომის გამო ქართველებმა ბოდიში უნდა მოიხადონ.