არც გიორგი ანწუხელიძეს, არც არცერთ გმირს, არავისთან ბოდიში მოსახდელი არა აქვთ - ბოტკოველი
"არც გიორგი ანწუხელიძეს, არც არცერთ გმირს არავისთან ბოდიში მოსახდელი არა აქვთ, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა ალვანში, სსაქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მემორიალთან განაცხადა. ოპოზიციონერმა ლიდერმა ოლიგარქის განცხადებას "გამოცხადებული ღალატის ქრონიკა" უწოდა და მოქალაქეებს მოუწოდა, 26 ოქტომბერს არჩევანი სიყვარულსა და ერთგულებაზე გააკეთონ.
ჩვენ ალვანში ვიმყოფებით, სადაც დაიბადა საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე, რომელიც არის საქართველოს სიმბოლო, იმ ქვეყნის სიმამაცისა და ერთგულების სიმბოლო, რომლისთვისაც მან თავი გასწირა. ივანიშვილის მიერ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა მას შემდეგ, რაც საქართველოს სახელმწიფომ გაიმარჯვა სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში, პირდაპირი განაცხადია ქვეყნის ღალატისა და რუსეთმა არც დააყოვნა, იმ საღამოსვე მოიწონეს ივანიშვილის განცხადება.
ილია ჭავჭავაძის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, გიორგი ანწუხელიძის სამშობლოში ღალატი ვერასდროს გაიმარჯვებს. არც გიორგი ანწუხელიძეს, არც არცერთ გმირს არავისთან ბოდიში მოსახდელი არა აქვთ, სწორედ ამიტომ 26 ოქტომბერს ჩვენ არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი ქვეყნის სიყვარულსა და ერთგულებას ან ივანიშვილის გამოცხადებულ ღალატს შორის და დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ეს არჩევანი იქნება ის, რომელიც ჩვენს ქვეყანას ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოაყალიბებს, რისთვისაც იბრძოდნენ ის გმირები, რომლებმაც თავი შეწირეს ქვეყნის დამოუკიდებლობას", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა ალვანში.
გორში პარტიული შეკრების დროს ბიძნა ივანიშვილმა დააანონსა, რომ არჩევნების შემდეგ ქართველმა ხალხმა აგვისტოს ომის გამო ბოდიში უნდა მოიხადოს.