ივანიშვილის ბანკმა სამშენებლო ნებართვები, სავარუდოდ, უკანონოდ მიიღო - რა გაარკვია საგამოძიებო ბიურომ
ივანიშვილის ბანკმა სამშენებლო ნებართვები, სავარუდოდ, უკანონოდ მიიღო - ამის შესახებ ირაკლი აბესაძემ საგამოძიებო ბიუროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. აბესაძის თქმით, სამშენებლო ბიზნესი ბანკის საქმიანობა არ არის, არაპროფილური ბიზნესის წარმოებას კი კანონი კრძალავს.
საგამოძიებო ბიურომ დეტალურად შეისწავლა თუ რას საქმიანობს ივანიშვილის ფონდი "ქართუ". ირკვევა, რომ პროცესები 2020 წლიდან იწყება და ჯერ კიდევ მაშინ ივანიშვილის ფონდი მიწას, ფაქტობრივად, უფასოდ, გაცვლით იღებს. საუბარია ბაკურიანში 14-ჯერ დიდ მიწის ნაკვეთზე, ვიდრე თავად გასცა. 2022 წლიდან ბანკი "ქართუს" სახელზე ერთმანეთის მიყოლებით სამშენებლო ნებართვები გაიცემა.
უკვე აგვისტოს თვეში "ქართუმ" მიწის ნაკვეთები ისევ თავისივივე ფონდზე, ასოციაცია "ათუზე" გაყიდა, რომლის შემოსავლებიც ასევე კითხვებს აჩენს.
2022-23 წლებში ბანკმა მიიღო მშენებლობის ნებართვა ბაკურიანში სასტუმროს ტიპის აპარტამენტების მშენებლობაზე და მიუხედავად კანონის უხეში დარღვევისა, დღემდე ეროვნულ ბანკს არანაირი რეაგირება არ ჰქონია, როდესაც სხვა ნებისმიერი ბანკის შემთხვევაში, შესაძლებელია, ლიცენზიაც კი ჩამოერთვა ან ძალიან მსხვილი ჯარიმა დაეკისრებინა ბანკი „ქართუსთვის“. ამ წლის 26 აგვისტოს ბანკმა „ქართუმ“ ივანიშვილისვე საქველმოქმედო ფონდს „ათუს“ 15 მლნ ლარად მიჰყიდა ეს მშენებლობა და მიმდებარე მიწის ნაკვეთები, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ქართუ ბანკი“ აკეთებდა უკანონო ბიზნესს და იღებს უკანონო შემოსავალს საქველმოქმედო ფონდიდან, რომელსაც ასევე ბუნდოვანია, საინდა აქვს მიღებული ეს 15 მლნ ლარი, რომლის გასაჯაროების პირდაპირი ვალდებულება აქვს ივანიშვილის ოჯახს და ასოციაცია „ათუს“ და აი, ამ გამჭვირვალობაზე საყოველთაო ისტერიის ფონზე რუსული კანონის მიღების ფონზე, ყველაზე გაუმჭვირვალე სწორედ ივანიშვილის ფონდი რჩება ქვეყანაში, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
საგამოძიებო ბიუროსთვის გაგზავნილ წერილში ეროვნული ბანკი, ფაქტობრივად, არ უარყოფს, რომ ბანკის მიერ მშენებლობა კანონდარღვევაა, თუმცა უწყებას ამ დრომდე არანაირი რეაგირება არ ჰქონია.