ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება, გამოითხოვოს “აირჩიე ევროპას" წევრების ტრანზაქციები, დასაბუთებული არ არის - საია
ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება, გამოითხოვოს სამოქალაქო მოძრაობა “აირჩიე ევროპას" წევრების ტრანზაქციები დასაბუთებული არ არის, - ამბობენ საია- ში და აცხადებენ, რომ მათ შეისწავლეს რაჟდენ კუპრაშვილის უწყების შუამდგომლობა, რომელიც სასამართლოშია გაგზავნილი.
ორგანიზაციის იურისტები აცხადებენ, რომ “აირჩიე ევროპას“ წევრები არ არიან პოლიტიკოსები, ისინი არიან საზოგადოების აქტიური წარმომადგენლები, ამიტომ გაუგებარია, რა მიზანი აქვს ანტიკორუფციულ ბიუროს.
ანტიკორუფციულმა ბიურომ ისე დააყენა შუამდგომლობა ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, რომ არ არის დასაბუთებული, დაწყებულია თუ არა მონიტორინგის პროცესი და კანონით გათვალისწინებული კონკრეტულად რომელი სუბიექტის მიმართ მიმდინარეობს მონიტორინგი. ასევე, არ არის დასაბუთებული გამოთხოვილი ინფორმაციის მოცულობის საჭიროება და მიზანთან თავსებადობა.
აღსანიშნავია, რომ დამფუძნებლების შესახებ ინფორმაცია გამოთხოვილი ამ ორგანიზაციის დაფუძნებამდე არსებულ პერიოდზე. ბიურო, ასევე როგორც სასამართლო არ ასაბუთებს ფიზიკური პირების ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის საჭიროებას და მიზანთან თავსებადობას.
იმ პირობებში, როდესაც ანტიკორუფციული ბიუროს ინსტიტუციური დამოუკიდებლობა არ არის მიღწეული, მის მიერ მიღებული დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები წარმოშობს ეჭვებს ანტიკორუფციული ბიუროს მანდატის თვითნებური გამოყენების თაობაზე“ - განაცხადა ქურდოვანიძემ.
ანტიკორუფციულ ბიუროს შუამდგომლობის დაყენების დროს მიუხედავად იმისა, რომ მან შეატყობინა თუ არა მონიტორინგის დაწყებაზე ამ ორგანიზაციას, რაც ასევე უნდა მომხდარიყო, ასევე უნდა დაესაბუთებინათ დაირღვა თუ არა გამოხატვის თავისუფლება ამით, ჯდებოდა თუ არა “აირჩიე ევროპას“ აქტივობები გამოხატვის თავისუფლებაში და შემდეგ სასამართლოს, უნდა განეხილა ამ ჭრილში, მიუხედავად იმის, ანტიკორუფციული ბიურო დაასახელებდა თუ არა ამ უფლებას“ - დასძინა ნანუკა ბრეგვაძემ.
საია მოუწოდებს ანტიკორუფციულ ბიუროსა და სასამართლოს, იხელმძღვანელონ კანონის მოთხოვნებისა და სამართლებრივი პრინციპების დაცვით, თავისი საქმიანობა წარმართონ შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე და მონიტორინგის განხორციელების პროცესში შეაფასონ პირთა ძირითადი უფლებების არათანაზომიერი შეზღუდვის რისკები.
შეგახსენებთ, რომ “აირჩიე ევროპას“ წევრებმა ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნის საფუძველზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში უკვე გაასაჩივრეს.