"ბოდიში მოიხადოს" - "ოცნებამ" მაიკლ როთს დემარში გამოუცხადა
გერმანიის ბუდესთაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელიც თბილისში საგანგებოდ ჩამოვიდა, "ქართულმა ოცნებამ" დემარში გამოუცხადა და შეხვედრაზე უარი უთხრა. ხელისუფლება ამბობს, რომ მაიკლ როთთან სასაუბრო არაფერი აქვს და მისგან ელოდება ბოდიშს იმ განცხადებების გამო, რომელიც გერმანიის მაღალჩინოსანმა "ოცნების" საწინააღმდეგოდ გააკეთა.
ჩვენთან არ არის ჩამოსული. მისი ღირებულებებით, ტრადიციებით და ადათ-წესებით ალბათ გვარამიასთან არის ჩამოსული, ჩამოსულია მელიასთან, ჩახდილებთან არის ჩამოსული. ჩვენ მას არ შევხვდებით, ბუნებრივია, სანამ ბოდიშს არ მოუხდის ჩვენს ეკლესიას, ქართველ ხალხს, ჩვენს საზოგადოებას, მანამდე რა საერთო გვაქვს მასთან?, - ამბობს ზარქუა.
შალვა პაპუშვილმა როთი ანტისახელისუფლებო აქციაზე მისვლის გამო გააკრიტიკა და ის საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევის მცდელობაში დაადანაშაულა.
რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან არანაირი სურვილი არ არის მასთან შეხვედრის. შეურაცხყოფა მიაყენა ქართველი ხალხის ეკლესიას, შეურაცხყოფა მიაყენა ქართველი ხალხის არჩეულ ხელისუფლებას, შეურაცხყოფა მიაყენა ქართულ დემოკრატიას იმით, რომ როგორც უცხო პოლიტიკოსი დადგა ანტისახელისუფლებო დემონსტრაციაზე რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად. ამიტომ ის ჯერ უნდა ჩამოყალიბდეს. როდესაც ჩამოდის ოპოზიციის მხარდასაჭერად, ეს ნიშნავს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას და ეს ნიშნავს უცხო ქვეყნის წარმომადგენლის ჩარევას შიდა პოლიტიკაში, - ამბობს შალვა პაპუაშვილი.
რაც შეეხება კახი კალაძეს, მან მაიკლ როთი სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა.
ადამიანი, რომელიც დაკავებულია შეურაცხყოფით, დაკავებულია სიცრუის გავრცელებით და რაზე უნდა შევხვდეთ ან რაზე უნდა იყოს საუბარი? ამიტომ ყველას მართებს, ვინც არ უნდა იყოს და რომელი ქვეყნიდანაც არ უნდა იყოს, რეალობას გაუსწორონ თვალი. თეთრზე თქვან თეთრია და შავზე თქვან - შავია, - ამბობს კალაძე.
შეგახსენებთ, რომ მაიკლ როთი იმ ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელია, რომელიც საქართველოს ევროსტრუქტურებში გაწევრიანებაზე იღებს გადაწყვეტილებას.