წინასაარჩევნო გარემო და რუსული საფრთხეები - მაიკლ როთი ოპოზიციას ხვდება
ამ წუთებში ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გერმანიის საელჩოში ოპოზიციას ხვდება. ოპოზიცია გეგმავს, მიხაილ როთს მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია წინასაარჩევნო გარემოზე. კერძოდ, ოლიგარქის მიზანზე, გაანადგუროს ქვეყანაში ოპოზიცია, დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი.
"ძლიერი საქართველოს" ლიდერი ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, არჩევნები საერთაშორისო ყურადღების ქვეშ ჩატარდეს.
მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები იყოს საერთაშორისო ყურადღების ქვეშ ჩვენ ვართ ლუპის ქვეშ. მნიშვნელოვანია, რომ გერმანიის მხარდაჭერა დარჩეს ქართველ ხალხს, მნიშვნელოვანია, რომ ის დახმარების პროგრამები, რომლებიც გაჩერდა რუსული კანონის გამო, აღდგეს, მნიშვნელოვანია, რომ ეს მხარდაჭერა იყოს ქართველებისთვის და მნიშვნელოვანია, რომ გერმანია ედგას იმ ნებას მხარში, რომელსაც ქართველები გამოხატავენ 26 ოქტომბერს. რა თქმა უნდა, მონიტორინგი და მეთალყურეობა, რა სისტემით, რა სიმშვიდით და დემოკრატიულობის ხარისხით ჩატარდება ოქტომბრის არჩევნები, - თქვა ანა დოლიძემ შეხვედრის დაწყებამდე.
კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერი ელენე ხოშტარია ყურადღებას ევროპული დღის წესრიგის აღდგენაზე ამახვილებს.
როთი არის გამორჩეული მეგობარი ქართველი ხალხის მან თბილისს დაარქვა ევროპის დედაქალაქი, როდესაც იყო აქციები და ის არის ძალიან დიდი მხარდამჭერი ჩვენი ევროპული დღის წესრიგის. დღეს ჩენ, ოპოზიცია ვართ ვალდებული, და ამაზე ხელი გვაქვს მოწერილი ქარტიით, რომ ევროპული დღის წესრიგი გაახლდეს, არჩევნების შემდეგ, 27-დან ჩვენ დავიწყოთ უკვე ევროპული ინტეგრაციის პროცესი. სწორედ ამაზე გვექნება მთავარი აქცენტი, კოალიცია როგორ შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში, - ამბობს ელენე ხოშტარია.