მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება პრემიერი ან პროკურორი, ყველა ივანიშვილის დავალებებს ასრულებს - ბაჩიაშვილი

16.09.24 17:29
მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება პრემიერი ან პროკურორი, ყველა ივანიშვილის დავალებებს ასრულებს - ბაჩიაშვილი

ბიძინა ივანიშვილის მხილების სერია გრძელდება - ბიზნესმენი გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც ერთ დროს "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ნდობით აღჭურვილი პირი იყო, "ტვ პირველისთვის" მიცემულ ინტერვიუში ჰყვება, რომ მთავრობის მეთაური, თუ ძალოვანი უწყების ხელმძღვანელები ერთ კაცს ემსახურბიან და მის დავალებებს უსიტყვოდ ასრულებენ. 

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი თავმჯდომარე "პირველებთან" ინტერვიუში პირდაპირ ამბობს, რომ "საქართველო იმ სისტემის სამიზნეა, რომელიც ქვეყანას ევროპას აშორებს".

დღეს მთელი საქართველო სისტემის სამიზნეა. სისტემის, რომელიც გვაშორებს ევროპას. ჩემი და გიორგის შემთხვევა იმით გამოირჩევა, რომ ჩვენ არ შეგვშინებია და მეტიც, დავუპირისპირდით ამ სისტემას. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება პრემიერი და ვინ პროკურორი. როგორც ადრე, ისევე დღეს, ყველა ახმოვანებს და ახორციელებს ივანიშვილის პირად დავალებებს, მაგრამ ხალხს აღარ სჯერა მისი დაპირებების და აღარც ეშინია მისი მანქანის. შესაბამისად, საქართველოს ადგილია ევროპაში და საქართველოს ახალგაზრდები უნდა იზრდებოდნენ ევროპულ ქვეყანაში", - ამბობს გიორგი ბაჩიაშვილი.

ცნობისთვის, "პირველებთან" ინტერვიუმდე გიორგი ბაჩიაშვილმა Facebook-ის პირად გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძის სკანდალურ განცხადებას გამოეხმაურა. 

გიორგი ბაჩიაშვილმა დაწერა, რომ "გიორგი ჩიკვაიძის საქმე არის ივანიშვილის კორუფციული მანქანის ცალსახა გამოვლინება".

შეგახსენებთ, გიორგი ჩიკვაძიემ ხელისუფლება "ტვ პირველის" პირდაპირ ეთრეში ტერორში ამხილა. 

ბიზნესმენმა გადაცემა “რეაქციაში“ სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის მოგზავნილი კაცი ნარკოტიკებს და ფულის გათეთრებას სთავაზობდა.

ჩიკვაიძე, რომელიც 12 წლის განმავლობაში, ივანიშვილის გუნდის მხარდამჭერი  იყო, ამტკიცებს, რომ მისი ტერორი მას შემდეგ დაიწყო, რაც 2022 წელს ანტისახელმწიფოებრივ დავალებაზე უარი თქვა.

მსგავსი სიახლეები