სანქციები რეჟიმის მსახურებს - მილერი ლაგაზაური ე.წ. მაგნიტსკის სიაშია

16.09.24 18:47
სანქციები რეჟიმის მსახურებს - მილერი ლაგაზაური ე.წ. მაგნიტსკის სიაშია

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის, ზვიად ხარაზიშვილის (ხარება) მოადგილე, მილერი ლაგაზაური შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულთა სიაშია. 

"ხარებას" მსგავსად მისი მარჯვენა ხელიც  ე.წ. მაგნიტსკის სიაში რამდენიმე წუთის წინ დაამატეს. 

ორივე მაღალჩინოსანის სახელი რუსული კანონის მოწინააღმდეგეების მიმართ ჩადენილ სასტიკ ძალადობას უკავშირდება. 

ოფიციალური ინფორმაციით, შტატებმა ახალი სანქციები 4 პირს დაუწესა:

  • განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი - ზვიად ხარაზიშვილი
  • განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ლაგაზაური მილერი 
  • პრორუსული "ალტ-ინფოს" ლიდერი - კონსტანტინე მორგოშია
  • პრორუსული "ალტ-ინფოს" ლიდერი - ზურაბ მახარაძე

შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტი წერს:  

[რუსული] კანონის მიღებამდე, მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტის უშიშროების ძალებმა ძალადობრივ სამიზნედ ამოიღეს საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერები, ჟურნალისტები და ახალგაზრდული აქტივისტები, რომლებიც მშვიდობიანად გამოხატავდნენ თავიანთ მოსაზრებებს. ამ ძალადობას ზედამხედველობდნენ სპეცდანიშნულების დეპარტამენტის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური.

სპეცდანიშნულების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ძალადობა მოიცავდა უცხოური გავლენის ახალი კანონის წინააღმდეგ არაძალადობრივი საპროტესტო აქციების მრავალი მონაწილის სასტიკ ცემას, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს. ხარაზიშვილი ცნობილია თავისი სადამსჯელო ქმედებებით პოლიტიკური ოპონენტების მიმართ და პირადად იყო ჩართული მომიტინგეების ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში", - წერს უწყება. 

ამასთან, აშშ-ს სახელმწიფო ხაზინის გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტმა 60-ზე მეტ პირს, მათ შორის, "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათი ოჯახის წევრებს, სავიზო შეზღუდვები დაუწესა.

რა არის ე.წ. მაგნიტსკის სია?

"მაგნიტსკის სიით" გათვალისწინებული სანქციები მიზნად ისახავს ადამიანების უფლებების დარღვევის ან კორუფციის წინააღმდეგ მიღებულ ზომებს. 

"მაგნიტსკის სიაში" შეყვანილ პირებს სანქციები უწესდებათ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის საფუძველზე. ამასთან, სანქციები შესაძლოა გავრცელდეს ნებისმიერი უცხო ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლის წინააღმდეგაც, რომელიც პასუხისმგებელია მნიშვნელოვან კორუფციულ ქმედებებზე.

"მაგნიტსკის სიის" ევროპული ანალოგის ფარგლებში სანქცირებულთა სიაში, სხვათა ადამიანებთან ერთად, არის რამდენიმე რუსი მაღალჩინოსანი: ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ყოფილი დირექტორი ალექსანდრ კალაშნიკოვი, რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრ ბასტრიკინი, რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურორი იგორ კრასნოვი და რუსეთის გვარდიის ხელმძღვანელი ვიქტორ ზოლოტოვი.

მსგავსი სიახლეები